საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საქართველოში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევის საფუძველზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ხუთი გრძელვადიანი ტექნიკური ანალიტიკოსისგან შემდგარ მისიას გზავნის. ისინი საარჩევნო პროცესის ყველა ფაზას დააკვირდებიან.
ორგანიზაციის განცხადებით, მისიის წევრების მიგნებებზე დაყრდნობით, IRI გამოაქვეყნებს ანგარიშებს, რომლებიც მომზადდება მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე.
IRI-ს ევრაზიის განყოფილების დირექტორის, სტივენ ნიქსის თქმით, წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, შესაბამისად, დამკვირვებლები განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ მედიის თავისუფლებაზე, გამჭვირვალებაზე, პოლიტიკური პარტიების კამპანიებსა და მათ დაფინანსებებზე.
"ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და გამოცდას ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. IRI-ს მისია ყურადღებას გაამახვილებს იმ საკვანძო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრულყოფისთვის, მათ შორის როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება. გარდა ამისა, მისია ყურადღებას გაამახვილებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ამომრჩევლის უსაფრთხოების დასაცავად შემოღებული ზომების შესრულებაზე" - განაცხადა სტივენ ნიქსმა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველში 31 ოქტომბერს ჩატარდება.