logo
ENG



საპარლამენტო სხდომებზე მედიის წარმომადგენლების დაშვება დროებით შეიზღუდება

16 მარ 202018:42
3 წუთის საკითხავი
 
d2f0brpaaf152bo.jpg

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პარლამენტის სასახლეში მედიასაშუალებების წარმომადგენლების უსაფრთხო და შეუფერხებელი საქმიანობისათვის ახალი წესები განისაზღვრა.

საკანონმდებლო ორგანოს შენობაში გამოყოფილია გადამღები ჯგუფების მუშაობის კონკრეტული ლოკაციები. რესპონდენტების ჩასაწერად პარლამენტის სამ (3) ლოკაციაზე განთავსდა ტრიბუნები: A კორპუსი მე-3 სართულის ფოიე; B კორპუსი მე-2 სართული - ბიუროს ოთახის მიმდებარე ფოიე; B კორპუსი მე-3 სართული - პლენარულ სხდომათა დარბაზის მიმდებარე ფოიე.

პარლამენტში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ლოკაციებზე უზრუნველყოფილია ინტერვიუს ჩაწერის დროს ჟურნალისტებსა და რესპონდენტებს შორის შესაბამისი უწყებების მიერ რეკომენდებული დისტანციის დაცვა.

გარდა ამისა, დროებით შეიზღუდება საპარლამენტო სხდომებზე მედიის წარმომადგენლების უშუალო დაშვება. ბიუროს, პლენარული და საკომიტეტო სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია (სტრიმინგი) განხორციელდება პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.parliament.ge (ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში ვიდეომასალას მოგაწვდით პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი).

ასევე, რეკომენდაციების თანახმად, სასურველია შენობაში დღის განმავლობაში ერთი მედიასაშუალების მხოლოდ ორი (2) სამუშაო ჯგუფი იყოს წარმოდგენილი. 


close დახურვა