logo
ENG



საპატრიარქო: აცრის გამო ზიარების შეზღუდვა დაუშვებელია, იძულებით აცრას მხარს ვერ დავუჭერთ

28 ნოე 202122:45
3 წუთის საკითხავი
clock 1705
საპატრიარქო: აცრის გამო ზიარების შეზღუდვა დაუშვებელია, იძულებით აცრას მხარს ვერ დავუჭერთ

საქართველოს საპატრიარქო ვაქცინაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ეკლესია "იძულებით ვაქცინირებას" მხარს ვერ დაუჭერს.

გარდა ამისა, მათი თქმით, დაუშვებელია, სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს აცრა ან აცრის გამო შეუზღუდოს ზიარება.

"საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ კორონავირუსის აცრასთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც სინოდის დადგენილებაშია ასახული.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოხდა მისი განმარტება, უკანასკნელ პერიოდში ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან დაფიქსირებული რადიკალური პოზიციის გამო, კვლავ გავიმეორებთ, რომ აცრას არა აქვს რელიგიური დატვირთვა. და ამდენად დაუშვებელია, სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს ამ პროცედურის ჩატარება ან შეუზღუდოს ზიარება იმის გამო, რომ ისინი აიცრნენ. მკურნალობის ამ მეთოდთან მიმართებაში, ქრისტიანისათვის რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია უხეში და შეურაცხმყოფელი მიმართვების გავრცელებაც. წმ. სინოდის განჩინებას ასევე ეწინააღმდეგება მოძღვრის მიერ მრევლისთვის მსახურებაზე პირბადის ტარების აკრძალვა.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს იძულებით ვაქცინირებას, რა მოტივითაც არ უნდა იყოს იგი ნაკარნახევი. ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ეს ღვთისგან მონიჭებული ხელშეუხებელი უფლებაა და მისი დაცვა აუცილებელია.

კიდევ ერთხელ მივმართავთ სასულიერო პირებს, რომ მათი ქმედებები ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ გასცდეს სინოდის განჩინებას. თვითნებობის შემთხვევაში კი მრევლს შეუძლია მომართოს საქართველოს საპატრიარქოს", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა