logo
ENG



საპატრიარქო: ვანდალური აქტის გამო 2 დღით სამებაში მედია აკრედიტაციის გარეშე არ დაიშვება

10 იან 202413:14
3 წუთის საკითხავი
 

საპატრიარქოს განცხადებით, სამების ტაძარში მომხდარი "ვანდალური აქტის" გამო 2 დღით მედიას აკრედიტაციის გარეშე ტაძარში არ დაუშვებენ.

მათი თქმით, გადაწყვეტილება "შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად". მიიღეს.

"გუშინ სამების საპატრიარქო ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად", - წერია განცხადებაში.

გუშინ, 9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ იოსებ სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხეს.

მანამდე, ხატის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალები სოციალურ ქსელში 7 იანვარს გავრცელდა - დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ დაწერა, რომ სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული.

მოგვიანებით ხატის ამსახველი ვიდეო პარლამენტის ყოფილმა წევრმა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერმა, გიორგი კანდელაკმაც გამოაქვეყნა.

საღებავის შესხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გუშინვე დაიწყო - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.


close დახურვა