საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, რომელსაც დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ კარტოგრაფების საქმის არჩევნების წინ წამოწყება ეკლესიას "საერთოდ არ უკავშირდება".
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ 23 სექტემბერს პატრიარქს და სამღვდელო პირებს შეხვდა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მათ ბოლო დროს მოპოვებული კარტოგრაფიული მასალა გააცნო.
"ჩვენც გადმოგვეცა მოპოვებული რუკების ასლები, რაც მეტად მნიშვნელოვან მოვლენად მიგვაჩნია", - ვკითხულობთ განცხადებაში,
საპატრიარქო მკაცრად ემიჯნება საქმის სამართლებრივ მხარეს. მხოლოდ ადასტურებს, რომ დავითგარეჯა ეკლესიისთვის მუდამ იყო ქართული მიწა.
"თუ ადგილი ჰქონდა ტერიტორიების უკანონო გასხვისებას, ეს არის დანაშაული ერისა და ქვეყნის წინაშე", - ვკითხულობთ განცხადებაში.
საქმის სამართლებრივ მხარესთან გამიჯვნის მიუხედავად, საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, რომლის პოზიციაც საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციად მიიჩნევა, არაერთხელ უწოდა საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ძველი შემადგენლობის საქმიანობას "მოღალატეობრივი".
"ძველი კომისიის მუშაობა არის მოღალატეობრივი, შეიძლება ასე შეფასება, გამომდინარე იმ შედეგებიდან, რაც მათ დადეს, ოქმები, რომლებსაც ხელი მოეწერა ამ კომისიის მუშაობაში, მეტყველებს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე", - აცხადებდა დეკანოზი 4 ოქტომბერს.
იგივე გაიმეორა დეკანოზმა 7 ოქტომბრის განცხადებაშიც:
"ახლა საუბარი, რომ შეცდომაში შევიდნენ ძალიან ძნელია, რადგან თვალნათლივ ჩანს, რომ ჩვენი მონასტრები რჩება საზღვრის იქითკენ, ამიტომ ასეთ საქციელს სხვა ვერაფერს ვუწოდებთ გარდა მოღალატეობრივი ქცევისა", - აცხადებდა დეკანოზი.
საპატრიარქოს პრესსპიკერი იმავე განცხადებაში პირდაპირ კომისიის საქმიანობას უკავშირებდა "ქართული სიწმინდეების დაკარგვას":
"ძველი კომისიის მოქმედების შედეგად დღეს აზერბაიჯანის მესაზღვრეები დგანან ქედზე და ფაქტობრივად საქართველოს ჩამოაჭრეს ძირძველი ქართული სიწმინდეები", - აცხადებდა მამა ანდრია.
საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ხელმძღვანელები ნატალია ილიჩოვა და ივერ მელაშვილი 7 ოქტომბერს დააპატიმრეს.
დღეს, სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის სარჩელი არ დააკმაყოფილა და ილიჩოვა და მელაშვილი 2 თვიან პატიმრობაში დატოვა.
თავად დაკავებული კარტოგრაფები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. იგივე მოსაზრება აქვს ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს.
პროკურატურა რუსეთში მომუშავე ქართველი ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის, მიერ თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებულ მასალებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ.
ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა.
დაცვის მხარე მიუთითებს, რომ ბრალდების უსაფუძვლობას ამტკიცებს საქმეში არსებული ჩვენებებიც.