logo
ENG



საპატრიარქო: მიტროპოლიტმა სტეფანემ იღუმენ დანიელს ბოლო გაფრთხილება მისცა

26 მაი 202119:44
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/26/p38l0gpfyi9qyzi.jpg

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) გუშინ, 2021 წლის 25 მაისს, იღუმენ დანიელს (გვილავა) ბოლო გაფრთხილება მისცა. 

ჭყონდიდელი ეპისკოპოსი მიზეზად ურჩობას ასახელებს. 

​ბრძანებაში მიტროპოლიტი სტეფანე წერს, რომ ის იღუმენს "პატიობს მის მიმართ გამოთქმულ ყველა შეურაცხმყოფელ სიტყვას და ქმედებას" და თავადაც ითხოვს შენდობას.  

თუმცა, მისივე განცხადებით, "მისი არ ცნობა და არ მოხსენიება ჭყონდიდელ მიტროპოლიტად ვერ ჩაითვლება პირად შეურაცხყოფად".

"ამით თქვენ შეურაცხყოფთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის წმიდა სინოდს, რომელმაც გამომირჩია ჭყონდიდელ მიტროპოლიტად". - აცხადებს ის. 

ეპისკოპოსი შეახსენებს იღუმენს, რომ მას აკრძალული აქვს მღვდელმსახურება "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისთვის და სასულიერო პირისთვის შეუფერებელი საქციელისთვის". 

მიტროპოლიტი სტეფანე ასევე იხსენებს იღუმენის მიერ "არაკანონიკურ" ქმედებებს: 

  • "2021 წლის 6 აპრილს არ მიეცით საშუალება ჩემს მიერ, ხარების დღესასწაულის ჩასატარებლად გამოგზავნილ იღუმენ გრიგოლს (დარსალია) ხარების ლოცვის ჩატარების შესაძლებლობა სალხინოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში. მეტიც, მღვდელმოქმედების აკრძალვის მიუხედავად, კადნიერად ჩაატარებინეთ მღვდელმოქმედება-აკრძალულ მღვდელ-მონაზონ ლუკას (იბრაგიმოვი) და ბერ-დიაკონ პეტრეს (ღუდუშაური) ხარების ლოცვა 6 აპრილს, ხოლო მეორე დღეს, 7 აპრილს, სჯულის კანონის სრული უგულვებელყოფით, თავადაც ჩაატარეთ ხარების სადღესასწაულო მსახურება.

  • 2021 წლის 21 აპრილს, თქვენ და თქვენმა მხარდამჭერებმა, ობსტრუქცია მოგვიწყვეთ, პირადად მე და ჩემ თანმხლებ პირებს და არ შეგვიშვით წირვის ჩასატარებლად სალხინოს იმავე ტაძარში.

  • 2021 წლის 22 აპრილს, თქვენ და თქვენმა მხარდამჭერებმა, ვინმე კერძო პირის სალხინოს იმავე ტაძარში შესვლის გამო, დებოში ატეხეთ ტაძრის შიგნით და არ მიეცით ჩემგან გამოგზავნილ მღვდელმსახურებს საზოგადო ლოცვის ჩატარების საშუალება.

  • ამ და მსგავს უკეთურ ქმედებათა გამო, გაგაფრთხილეთ და სინანულისკენ მოგიწოდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ და თქვენთან ერთად უკანონოდ მოქმედი სხვა სასულიერო პირები უნდა განმეკვეთეთ სამღვდელო ხარისხიდან, თუმცა დაგინდეთ და 2021 წლის 24 აპრილს არ აღვასრულე ეს კანონიკური ქმედება.

  • ამის საპასუხოდ, იმის მაგივრად, რომ მოგენანიებინათ თქვენი, სასულიერო პირისთვის შეუფერებელი საქციელი, იქვე, თამაკონში, მას შემდეგ, რაც გამოვედი ტაძრიდან, ისევ მოგვიწყვეთ ობსტრუქცია და დაგვემუქრეთ დაპირისპირებით ბზობის დღესასწაულის აღნიშვნის დროს, სალხინოს მონასტრის ტერიტორიაზე, რაც აღასრულეთ კიდევაც მეორე დღეს.

  • 2021 წლის 25 აპრილს დილის 10 საათზე, ბზობის დღესასწაულზე წირვის ჩასატარებლად მოსულს, თქვენ და თქვენმა მხარდამჭერებმა, გადამიკეტეთ ტაძარში მისასვლელი გზა, ჩაკეტეთ ალაყაფის კარი, ხოლო მონასტრის ეზოში შესასვლელ მცირე კარებში ისე ჩადექით, რომ შეუძლებელი იყო შიგნით შესვლა. ამან გამოიწვია თქვენგან დაპირებული დაპირისპირება და ჩხუბი, რაზეც პასუხისმგებლობა პირადად თქვენ და თქვენს მხარდამჭერებს გეკისრებათ.

  • უნდა ითქვას, რომ ამ ყველაფრის გამო, პასუხი მყისიერად არ მოგეთხოვათ, არც თქვენ და არც თქვენთან ერთად თავხედურად მოქმედ სასულიერო პირებს, იმ, ყველა კანონიერი ჩარჩოდან გასული მოქმედებების გამო, რაც ჩაიდინეთ ამ ხნის განმავლობაში. მოგეცით საშუალება ვნების შვიდეულისა და უფალ იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის მადლით, დაგენახათ თქვენი ქმედებების უკეთურობა და მოგენანიებინათ ჩადენილი დანაშაულებები ეკლესიისა და მრევლის წინაშე. თუმცა, როგორც ჩანს, თქვენ ამ ჩვენს დამნდობ დამოკიდებულებას და სინანულისკენ მოწოდებას, ჩვენს სისუსტედ აფასებთ და კვლავ განაგრძობთ ურჩობას და დაუმორჩილებლობას.

  • თქვენი დესტრუქციული ქმედებები კვლავ გაგრძელდა. ჩვენს მიერ ა.წ. 15 მაისს შექმნილმა საეპარქიო კომისიამ, რომელსაც ევალება ეპარქიის განკარგვაში არსებული საეკლესიო ქონების აღწერა და გადმობარება, ზედმეტი ხმაურის გარეშე ა.წ. 17 მაისს მოგთხოვათ სალხინოს მონასტერში არსებული ქონების აღწერა და გადმობარება, რაზეც თქვენ კატეგორიული უარი განაცხადეთ. კომისიამ, იმავე მოთხოვნით მეორე დღეს, 18 მაისს კვლავ მოგმართათ, თუმცა კვლავ უარი მიიღო. ამის შემდეგ, საჯაროდ მოგთხოვეთ მონასტერში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღწერა და გადმობარება. რაზეც კვლავ, ასევე საჯაროდ, უარი განაცხადეთ.

  • ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, იძულებული ვართ, თქვენი სამღვდელო ხარისხიდან განკვეთის გადაწყვეტილება მივიღოთ, თუ შაბათამდე, ა.წ. 29 მაისამდე არ გამოიჩენთ კეთილგონიერებას და არ დაემორჩილებით ჩვენს კანონიერ მოთხოვნებს, რაც უნდა გამოიხატოს დადიანების სასახლის, ღვინის სახლის, მონასტრის მარნისა და მოურავის სახლის გასაღებების გადმოცემაში, და აღწერისა და გადმობარების პროცესის ხელშეწყობაში.

მოგიწოდებთ კეთილგონიერებისაკენ და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, თქვენი სულისთვის მეტად საშიში, უაზრო დაუმორჩილებლობის შეწყვეტისაკენ". - აცხადებს მიტროპოლიტი სტეფანე.  

ჭყონდიდის ეპარქიაში რამდენიმე თვეა, ვითარება დაძაბულია. სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ჭყონდიდის მიტროპოლიტად სტეფანე კალაიჯიშვილი დანიშნეს. 

მან გრიგოლ კაცია შეცვალა, რომელმაც, თავის მხრივ, ჭყონდიდის ეპარქიაში პეტრე ცაავა ჩაანაცვლა.  

პეტრე ცაავა საპარტრიარქოს გიორგი მამალაძის საქმის გამო დაუპირისპირდა. მოგვიანებით კი, 2019 წლის 31 ოქტომბერს, მედიას მისი განყენების შესახებ წინასწარ აცნობა და მიზეზად მისი მხრიდან სინოდის სხდომაზე „საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება“ დაასახელა. 

მოგვიანებით თავად მიტროპოლიტი პეტრეს მიმართ გაჩნდა ბრალდება - თითქოს მას შვილი ყავს, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს. ცაავას მხარდამჭერები ბრალდების დამტკიცებას ითხოვენ. 

მიტროპოლიტმა სტეფანემ პეტრე ცაავას მხარდამჭერ რამდენიმე სასულიერო პირს ღვთისმსახურება აუკრძალა, გაათავისუფლა მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღვარი, დედა სოსანა. მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და აუკრძალა მონასტრის ტერიტორიაზე შესვლაც. 

პეტრე ცაავას მხარდამჭერი სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ყოფილ ჭყონდიდელ მიტროპოლიტს მღვდელმოქმედება უკანონოდ შეუჩერეს და მის საკითხზე შიდასაეკლესიო, კანონიკურ მოკვლევას ითხოვენ.


close დახურვა