logo
ENG



საპატრიარქო: შეიქმნება გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი და გელათის სპეციალური ვებ-გვერდი

07 აპრ 202311:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/07/6tt627evzot2j2o.jpg

საქართველოს საპატრიარქო აპირებს, შექმნას გელათის რეაბილიტაციის დროებიტი კომიტეტი. 

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გადაიხედება და განახლდება გენერალური გეგმა. 

ასევე, შეიქმნება გელათის სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც საპატრიარქოს თქმითვე, საზოგადოება დეტალურ ინფორმაციას გაეცნობა. 

"გვსურს საზოგადოებას ვაუწყოთ, რომ 2023 წლის 24 თებერვლის შეთანხმების საფუძველზე, დღეს, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლითაც გელათის სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო, საკონსერვაციო და სხვა საჭირო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო განახორციელებს.

საქართველოს საპატრიარქო მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მოთხოვნის და ICOMOS/ICCROM -ის სპეციალისტთა რეკომენდაციების თანახმად(2022 წლის 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე განხორციელებული მისიის ანგარიში) უპირობოდ აპირებს შექმნას გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი სადაც ქართველი და საერთაშორისო დონის მოწვეული უცხოელი მეცნიერები ერთმანეთთან ითანამშრომლებენ გელათის საუკეთესო ინტერესების მისაღწევად. გადაიხედება და განახლდება გენერალური/მართვის გეგმა. შეიქმნება კონსერვაციის ახალი და მაღალი სტანდარტის საბაზისო დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება დეტალურ და სიღრმისეულ კვლევებზე. გელათის ტაძრების მხატვრობის და უპირველეს ყოვლისა ღმრთისმშობლის შობის ტაძრის მხატვრობის გადაუდებელი მდგომარეობის გამო, ორშაბათს, 10 აპრილს, გაემგზავრება მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც დაიწყებს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, ICOMOS/ICCROM -ის პირველი რეკომენდაციის შესრულებას - ტაძრის მხატვრობის გრაფიკული სქემების შექმნას.

საქართველოს საპატრიარქო შექმნის გელათის სპეციალურ ვებ-გვერდს სადაც საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას, რათა მოქალაქეებს არ შეექმნათ განცდა, რომ ძეგლის მიმართ არ ხორციელდება ყველა დროული და საჭირო ღონისძიება, ხოლო მათ მიმართ არ გაგვაჩნია შესაბამისი პატივისცემა"- ნათქვამია განცხადებაში.

 

*** 

2020 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ გელათის მონასტერი დროებით თუნუქით გადახურა. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ეს პროექტი ზამთარში გელათის ფრესკებს ვერ დაიცავდა. ამასთან, იტალიელმა რესტავრატორმა შეიმუშავა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გელათის სარესტავრაციო სამუშაოებში "დაშვებულია მძიმე მეთოდური შეცდომები, რაც ძეგლზე უმძიმესად იმოქმედებს". 

იუნესკოს შეფასებით, ღვთისმშობლის ტაძარზე ცოტა ხნის წინ დამონტაჟებული კრამიტის სახურავი და წმინდა გიორგის ტაძარში ტენიანობის მუდმივმა პრობლემებმა დააზიანა კედლების მხატვრობა და მოზაიკა ორივე ეკლესიის შიგნით, რაც მის უნივერსალურ ღირებულებაზე უარყოფით გავლენას ახდენს. 

გადახურვის შემსრულებელმა კომპანიამ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დაშვებული შეცდომები ნაწილობრივ მას შემდეგ აღიარა, რაც შაბათის ფორმულაში ამ თემაზე სიუჟეტი გავიდა. გელათის რესტავრაცია რამდენიმე წელია, მიმდინარეობს, თუმცა, სახურავის ნაწილი დაზიანებულია და ფრესკებს წვიმის წყალი აფუჭებს. 

გელათის შესახებ 30 იანვარს ანგარიში ჩუბინიშვილის ცენტრმაც გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ გელათის მოხატულ ტაძრებთან დაკავშირებული კრიზისი, რომელიც არაერთი წელია გრძელდება, მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურების მცდელობისა, კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ძეგლის მართვასთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემები მრავალმხრივია, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი კი უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალეა. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში დაქირავებული იტალიური ასოციაციის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგია და წარმოებული სამუშაოები უკიდურესად ნეგატიურად არის შეფასებული.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების აზრით, მოხატულობის მდგომარეობის მეტი დამძიმებისა და დამატებითი დაზიანების თავიდან ასაცილებლად, იტალიური ჯგუფის შემოთავაზებებისა და დასახული გეგმის დაუყოვნებლივ შეცვლა იყო საჭირო.

დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ჩუბინაშვილის ცენტრში 31 იანვარს კულტურის სამინისტროს აუდიტის სამსახური შევიდა.

ამავე დროს, საპატრიარქო აცხადებს, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული "მდგომარეობა არათუ მძიმე, არამედ კრიტიკულია!".


close დახურვა