logo
ENG



საპატრიარქო განცხადებას აქვეყნებს და კრიტიკულ მედიას ესხმის თავს

22 ივლ 202116:45
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და მიმართავს ცალკეულ პირებსა და ტაძრების წინამძღვრებს, რომ შეუძლიათ, მიმართონ კონკრეტულ ტელევიზიებს და აღარ ჰქონდეთ მათ ჟურნალისტებთან კომუნიკაცია. 

საპატრიარქოსვე განცხადებით, მოთხოვნის დაუკმაყოფლებლობის შემთხვევაში, პოლიციას ექნება ვალდებულება, შეზღუდონ ამგვარ ჟურნალისტთა კონკრეტულ სივრცეში მუშაობა.

„ვისაც საერო კანონმდებლობით სურთ ნაბიჯების გადადგმა, განვუმარტავთ: საქართველოს კანონით, ნებისმიერი მოქალაქე დაცულია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, არასასურველი კომუნიკაციისა და ადევნებისაგან. სისხლის სამართლის კოდექსით, ასევე, ისჯება ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წეს-ჩვეულების აღსრულებისთვის ხელის შეშლაც.

ცალკეულ ადამიანს თუ ტაძრის წინამძღვრებს შეუძლიათ, წერილობით მიმართონ ამა თუ იმ ტელეარხის ხელმძღვანელობას და შეატყობინონ, რომ არ სურთ მათი ტელევიზიის ჟურნალიტებთან კომუნიკაცია; რადგან დამაბრკოლებელი გარემოებები ექმნებათ; ასევე მიზანშეწონილია შესაბამისი განაცხადი განთავსდეს ტაძრის ეზოს შესასვლელეთან. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მიმართვის  საფუძველზე, პოლიციას ევალება, შეზღუდონ ამგვარ ჟურნალისტთა თქვენს სივრცეში გადაადგილება", - ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქო განცხადებით ესხმის თავს კრიტიკულ მედიებს და ამბობს, რომ სამი არხი - ფორმულა, მთავარი და ტვ პირველი - შეურაცხყოფენ სასულიერო პირებს. 

საპატრიარქოს განცხადებით, ამ არხების ეთერებიდან „ისმის მუქარაც და ანგარიშსწორებისაკენ  მოწოდებებიც".

მათივე თქმით, ჟურნალისტები "ცდილობენ, პროვოკაციული კითხვებით წონასწორობა დააკარგვინონ რესპოდენტს;  შემდეგ კი, კონტექსტიდან  ამოგლეჯილ, დამონტაჟებულ ისეთ სიუჟეტებს უშვებენ,  რომ მაყურებელმა სასულიერო პირი მოძალადედ აღიქვას".

„სიძულვილის ენით განსაკუთრებით გამოირჩევა მთავარი არხი, ტვ-პირველი და ფორმულა, რომელთა ეთერითაც პირდაპირ და მოურიდებლად ხდება საქართველოს საპატრიარქოს, კათოლიკოს-პატრიარქის, მღვდელმთავრების, მღვდლების და მრევლის შეურაცხყოფა; ისმის მუქარაც და ანგარიშსწორებისაკენ  მოწოდებებიც

ხშირად აღნიშნული ტელეარხების ჟურნალისტები (ვფიქრობთ, ხელმძღვანელთა დავალებით) ინფორმაციის ობიექტურად გაშუქების ნაცვლად, აჟღერებენ მიკერძოებულ შეფასებებს და უსაფუძვლო  ბრალდებებს, მიზანმიმართულად ამახინჯებენ ფაქტებს და ცდილობენ, პროვოკაციული კითხვებით წონასწორობა დააკარგვინონ რესპონდენტს;  შემდეგ კი, კონტექსტიდან  ამოგლეჯილ, დამონტაჟებულ ისეთ სიუჟეტებს უშვებენ,  რომ მაყურებელმა სასულიერო პირი მოძალადედ აღიქვას. 

ჟურნალისტებს ტაძრის ეზოები პოლიტიკურ დებატებში ჩართვისა და შეურაცხყოფის ადგილად სურთ აქციონ, ცალკეულ რელიგიურ სწავლებას პოლიტიკური განაცხადის სახე შესძინონ და ეს პრობლემების შექმნის მიზეზად წარმოაჩინონ.  ამასთან, ისინი არ ერიდებიან ჩვეულებრივ მოქალაქეების კერძო სივრცეში ნებართვის გარეშე შეჭრასაც და უბრალო ადამიანების  უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას", - ნათქვამია განცხადებაში.

 

5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებით "ღირსების მარში" უნდა ჩატარებულიყო. საპატრიარქომ სწორედ ამ დღეს კონტრაქცია დააანონსა.

რუსთაველის გამზირი 5 ივლისის დილიდან დაიკავეს მოძალადე ჰომოფობებმა, რის გამოც Tbilisi Pride-მა მარში გააუქმა. საპატრიარქოსა და მოძალადე ჯგუფების ორგანიზებული კონტრაქციის მონაწილეებმა იძალადეს მედიის წარმომადგენლებსა და გამვლელებზე.

ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებულ აქციაზე სულ მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.


close დახურვა