logo
ENG



საპატრიარქო დაღუპული 11 წლის ბავშვისთვის წესის აგებაზე: სამსჯელო საკითხია

29 აგვ 202014:07
3 წუთის საკითხავი
 

საპატრიარქოს განცხადებით, თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვისთვის წესის აგების საკითხზე ეპარქიამ უნდა იმსჯელოს. 

"საპატრიარქოსთვის არ მოუმართავს ოჯახს და ეს ლოგიკურიც არის. ჯერ ამაზე თავად ეპარქიის ხელმძღვანელმა უნდა იმსჯელოს. მე როგორც ვნახე ინტერვიუში, მეუფემ დაავალა მოძღვარს, რომ გარემოებები შეისწავლოს. ზოგადად ასე ხდება ხოლმე, გარემოებებს სჭირდება გარკვეული ანალიზი, თუ რა მოხდა იქ.

11 წლის ბავშვი, რთულია წარმოვიდგინოთ, რომ სრულად აცნობიერებდა გარემოებებს, რომელშიც ის მოხვდა. ყველა შემთხვევაში სამსჯელო საკითხია", - აცხადებს საპატრიარქოს პრესსპიკერი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე "ფორმულასთან". 

11 წლის ბავშვი 23 აგვისტოს თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარ ხეზე თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს.

გამოძიების ცნობით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მამა სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა თავის არასრულწლოვან შვილს. მათივე ინფორმაციით, მამის ქმედებების გამო არასრულწლოვანი შვილი მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობდა.

11 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე გარდაცვლილის მამას ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის მუხლებით წარედგინა. მას სასამართლომ 26 აგვისტოს პატიმრობა შეუფარდა. 

 

 


close დახურვა