საქართველოს საპატრიარქო მზად არის, კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა რეკომენდაცია შეასრულოს. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაშია აღნიშნული.
მისი ინფორმაციით, სადეზინფექციო ხსნარების იმპორტიორი კომპანია საპატრიარქოს შესაბამის ნივთიერებებს სავარაუდოდ, დღესვე მიაწვდის.
„ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით განსაკუთრებით აქტუალური გახდა ტაძრების დეზინფექციის საკითხი.
როგორც საქართველოს საპატრიარქოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, არსებობს იმპორტიორი კომპანია, რომელსაც შემოაქვს სადეზინფექციო ხსნარები. აღნიშნულმა კომპანიამ გამოხატა მზადყოფნა, საპატრიარქოს მითითებით, ტაძრებს, სადაც იქნება მზაობა დეზინფექციის ჩატარებისათვის, მიაწოდოს საჭირო რაოდენობის ხსნარი და ჩატარდეს დეზინფექცია, გაიწმინდოს იატაკები, სკამები, კარის სახელურები, რაც შეეხება ხატებსა და სხვა სიწმინდეებს, მათ ისედაც ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე ასუფთავებენ სპირტნარევი ვარდის წყლით.
ამასთან, როგორც საქართველოს საპატრიარქოს განუცხადეს, აღნიშნული კომპანიიდან დღეს დაუკავშირდებიან. აქედან გამომდინარე, საპატრიარქო მოლოდინის რეჟიმშია და დღეიდან ელის კომპანიის წარმომადგენლებთან უშუალო ურთიერთთანამშრომლობის დაწყებას.
როგორც კი ეს კომუნიკაცია შედგება, ახალი ინფორმაცია მაშინვე ეცნობება საზოგადოებას.
ჩვენ მზად ვართ, ყველა რეკომენდაცია, რაც იქნება შესასრულებელი, აუცილებლად გავითვალისწინოთ“, - ნათქვამია ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაში.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დაფიქსირებული.