logo
ENG



საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

06 ივნ 202110:12
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. 

სასამართლოს გუშინდელი, 5 ივნისის განჩინებით, შშმ ბავშვებმა პანსიონი დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ, გადაწყვეტილება უნდა შეეხოთ სხვა ბავშვებსაც. 

საპატრიარქო აცხადებს, რომ ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე მათთვის არავის უცნობებია და ეს მათ მედიიდან შეიტყვეს. 

საპატრიარქო ასევე აცხადებს, რომ პანსიონში ახლა სოციალური მუშაკები არიან და ბავშვებს აკვირდებიან.

რაც შეეხება გასაჩივრების გადაწყვეტილებას - საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ის უნდა გასაჩივრდეს, რადგან პროცესზე შესაბამისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა. 

"ამასთან, ვაცხადებთ, რომ გავასაჩივრებთ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს, რადგან სასამართლოზე წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულებები იქ მყოფ არასრულწლოვნებზე უღირსი მოპყრობის და ძალადობის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ; აგრეთვე, პანსიონის ადმინისტრაციას და პერსონალს არ მისცემია შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია". - აცხადებს საპატრიარქო. 

მათივე შეფასებით, "პანსიონიდან ბენეფიციარების გაყვანის დაჩქარებული პროცესი არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, რადგან არ განხორციელებულა სოციალური მუშაკების მიერ იქ არსებული ამჟამინდელი ვითარების შეფასება და არც სათანადო დასკვნა დადებულა კომპეტენტური სპეციალისტების მიერ". 

"ჩვენი პოზიციით, გადაყვანის დაუსაბუთებელი და ნაჩქარევი პროცესი მხოლოდ დააზარალებს აღსაზრდელებს და წინააღმდეგობაში მოდის მათი უფლებების სათანადო დაცვასთან.

მიგვაჩნია, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს თითოეული ბავშვის უფლება და უზრუნველყოფილი მიუმხრობელი და მათზე ორიენტირებული ინდივიდუალური გეგმის განხორციელება, რათა არ მოხდეს, ერთი მხრივ, არასრულწლოვანთა ტრავმირება და, მეორე მხრივ, მათი გამოყენება ანტიეკლესიური მიზანმიმართული კამპანიისთვის". - წერია საპატრიარქოს განცხადებაში. 

ორგანიზაცია პატრნიორობა ადამიანის უფლებებისთვის საპატრიარქოს პასუხობს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, გასაჩივრება არ აჩერებს განჩინებას დროებითი ღონისძიების შესახებ, რაც გამოსცა თბილისის საქალაქო სასამართლომ. 

"ჩვენ მივესალმებით სამართლებრივი სახელმწიფოში დავის გადაწყვეტას სასამართლოში რადგან, ყველაფრის გასაჩივრება და სამართლებრივი დავა უკეთესია, ვიდრე არასამართლებრივი მეთოდებით გარჩევები.

რა თქმა უნდა, მშვიდად მოვემზადებით არსებითი განხილვისთვუს და ჩვენ არგუმენტაციას სასამართლოზე წარმოვადგენთ. საზოგადოება ნახავს რა კარგია როდესაც სასამართლო განიხილავს ბავშვთა უფლებებს, როცა კანონი და კონსტიტუცია არის მთავარი და არა სხვა ტიპის ძალაუფლება. კანონის წინაშე ყველა თაბასწორი ვართ.

ასე რომ, ვემზადებით პროცესებისთვის.

პ.ს. გასაჩივრება დროებით განჩინებას არ აჩერებს, ძირითადი დავაც მალე დაიწყება". - წერს ანა არგანაშვილი. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ, 5 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში. 

სარჩელი სასამართლოში ორგანიზაცია PHR-მა შეიტანა. მათი განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით, ბავშვის უფლებებზე დავა მხოლოდ კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბავშვი შშმ პირია. სწორედ ამ კანონის საფუძველზე მიმართა სასამართლოს PHR-მა

და შესაბამისად, მოსამართლემ დააკმაყოფილა საჩივრის ის ნაწილი, რომლის დაკმაყოფილებაც კანონით შეეძლო. 

თუმცა, ორგანიზაციისვე განმარტებით, "სასამართლომ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ ვინაიდან ჩვენი ორგანიზაცია არის სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის, რის შესაძლებლობასაც გვაძლევს კანონი, ამიტომ სწორედ შშმ ბავშვები უნდა გავიდნენ პანსიონიდან. მაგრამ მთელი სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ არის საფრთხე ყველა ბავშვისთვის. ყველა ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება, ამიტომ ტექნიკური დეტალია. ამიტომ, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ თუ იქნება ეს საფრთხე, არ შეიძლება, რომელიმე ბავშვი დავტოვოთ საფრთხეში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვენი კანონმდებლობით სპეციალური განჩინებით მხოლოდ შშმ ბავშვების დაცვა შეგვიძლია". 

ამაზე მიუთითებს თავად მოსამართლის ჩანაწერებიც განჩინებაში, რომელშიც ვკითხულობთ:  

"ვიხელმძღვანელე რა მტკიცებულებებით, მათ შორის, თავად პანსიონატში მოთავსებული არასრულწლოვანი პირების განმარტებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუნველყოფის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა".

"საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, აგრეთვე, იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ სასამართლოში ამ ეტაპზე აღძრული არ არის სარჩელი, რომლის განხილვასაც შესაბამისი დრო ესაჭიროება, სასამართლო მიიჩნევს, რომ იზრდება იმის ალბათობა, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სარჩელის უზრუნველყოფის გამოუყენებლობის შემთხვევაში, შეილახოს ბავშვთა ინტერესები და მას მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საკითხი ეხება არასრულწლოვანთა ინტერესებს, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება შეექმნას საფრთხე. შესაბამისად, არ უნდა დაზარალდეს არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესი". 

ამ დრომდე ნინოწმინდის პანსიონიდან, მათივე მოთხოვნის საფუძველზე, გაიყვანეს 6 ბავშვი. გადაყვანას ითხოვს კიდევ 10 აღსაზრდელი. გადაყვანა სასამართლოს განჩინებამდე მოხდა. 

პანსიონში, სახალხო დამცველის ინფორმაციით, 57 ბავშვი ცხოვრობდა. თუმცა, მთავარეპისკოპოს სპირიდონის თქმით, მათი რაოდენობა 150-მდეა. 

სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კერძოდ, ‪2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება - 3 მათგანი ძალადობას ეხება (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი), ერთი - გაუპატიურებას (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).

ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. 

3 ივნისს ფორმულამ გავრცელა ინტერვიუ პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან, რომელიც ყვება, რომ პანსიონში ბავშვებს "რეიკებით და სახაზავებით სცემდნენ". მისივე თქმით, აქ "7 წლის ბავშვი ცემით შემოაკვდათ, გადააფარეს რაღაც და წაიყვანეს". 

ნინოწმინდის პანსიონი საპატრიარქოს ექვემდებარება და მას სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი მართავს. სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს. 

2021 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველმა თქვა, რომ ეპისკოპოსმა სპირიდონმა ომბუდსმენის წარმომადგენლების პანსიონში შეშვებაზე უარი განაცხადა. პანსიონში შესვლის საშუალება მას ამ დრომდე არ აქვს.


close დახურვა