logo
ENG



საპატრიარქო პრაიდის კვირეულზე: დროულია, ვიმსჯელოთ ამ პრობლემის კანონით დარეგულირებაზე

01 ივლ 202323:20
3 წუთის საკითხავი
 

საპატრიარქო თბილისი პრაიდის კვირეულს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დროულია, საზოგადოებას მოუწოდონ, ამ "პრობლემის" საკანონმდებლო გზით დარეგულირებაზე იმსჯელონ.

საპატრიარქოს აზრით, ქვეყანაში "გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობა არ წყდება".

"ამაზე მოწმობს მიმდინარე წლის ივლისში დაანონსებული ლგბტ კვირეული, რომელსაც, მისი მიზნებიდან გამომდინარე, არ შეიძლება თავისი უარყოფითი გავლენა არ ჰქონდეს თუნდაც დახურულ სივრცეში გამართვის დროს. მიგვაჩნია, რომ ლგბტ პროპაგანდა დაუშვებელი და მიუღებელია, მით უფრო, ქვეყანაში, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ქრისტიანული ფესვები აქვს.

პროპაგანდის ნებისმიერი სახით გამოვლინება მოზარდებში კი მათ ცნობიერებაზე ძალადობაა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არაერთგზის გამოთქმული პროტესტის უგულებელყოფა არის მისი უმთავრესი ფასეულობების უპატივცემულობა და მკაფიო გამოხატულება მორალური ზიანის მიყენების მცდელობისა.

ყოველი მსგავსი აქტივობა, გარდა ცოდვის პროპაგანდისა, არის სამოქალაქო დაპირისპირებისა და დაძაბულობის მიზეზი. დასკვნის გამოტანა ადვილია, თუ დავაკვირდებით დაანონსებული ლგბტ ღონისძიებების კვირეულის განმავლობაში საზოგადოებაში მომატებულ პოლარიზაციას. მიგვაჩნია, რომ საჭიროა მსგავსი დაძაბულობის ფაქტორების საწყის ეტაპზევე მკურნალობა. მართლმადიდებელი ეკლესია უკანასკნელ წლებში გამუდმებული თავდასხმის, ცილისწამებისა და შეურაცხმყოფელი კამპანიის ობიექტია, თუმცა არც ერთხელ არ ყოფილა ჩვენი მხრიდან მოთმინების დაკარგვის შემთხვევა.

ასეთ დროს ეკლესია მუდამ შემოიფარგლება მხოლოდ ცილისწამების მხილებით. ეკლესია არასდროს მოუწოდებს ძალადობისკენ, პირიქით, მოსახლეობაში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის ზრუნავს. ამიტომ დღეს შეიძლება განსაკუთრებულად დროული იყოს მოწოდება საზოგადოებისადმი, გვემსჯელა საკანონმდებლო გზით ზემოაღნიშნული პრობლემის დარეგულირების შესახებ", - წერია განცხადებაში.

***

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ პლენარულ სხდომაზე "ლგბტ პროპაგანდის" კანონმდებლობით მოწესრიგებაზე ალაპარაკდა. პარლამენტის ტრიბუნიდან მან მმართველი გუნდის პროპაგანდისტული ნარატივი გააგრძელა. ღარიბაშვილმა თქვა, რომ მოვიდა დრო, რომ ამ თემაზე დებატები გაიხსნას. 


close დახურვა