logo
ENG



საპატრიარქოს უნდა შეუწყდეს დაფინანსება - პოლიტიკოსები მეუფე იაკობის სკანდალზე

27 ოქტ 201913:02
3 წუთის საკითხავი
 
bkn5dkwhe3nd5st.png

 

მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას პოლიტიკური სპექტრი გამოეხმაურა, ხელისუფლების ოპონენტები საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრები გამოსავალს საპატრიარქოსა და ხელისუფლების გამიჯვნაში ხედავენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საპატრიარქოს დაფინანსება.

„სწორი გამოსავალი იქნება რეალური გამიჯვნა, რაც, პირველ რიგში, უნდა გამოიხატოს დაფინანსების შეწყვეტით, ბიუჯეტიდან მილიონობით თანხის გადარიცხვითა და მიწების უპრაგონო ჩუქებით ეკლესიისთვის. ეკლესიამ უნდა შეასრულოს თავის ფუნქცია და თავის მოვალეობა. მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, არის სწორედ ამ ორი სტუქტურის ურთიერთგადახლართვა“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

მეუფე იაკობის განცხადებას გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ზაალ უდუმაშვილი. მისი თქმით,ხელისუფლება ორ ცეცხლს შუა არის, ვინაიდან საქმე ეხება ხელისუფლების უმაღლეს პირებს.

„ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე, ეს არის ძალიან სერიოზული საქმე, რომელიც ეხება საქართველოს პატრიარქს და მეორე მხრივ, ქვეყნის უმაღლეს პირებს, თუმცა ბუნებრივია პროკურატურა დუმს, ისევე როგორც ხელისუფლება. არ იციან, რა ქნან. ისინი ორ ცეცხლს შუა არიან - ერთი მხრივ, ძალიან მძიმე იქნება მათთვის გახარიას და გომელაურის პროკურატურაში დაბარება, მეორე მხრივ, ასევე მძიმე იქნება დუმილის შენარჩუნება, ამას შეიძლება სხვადასხვა და ძალიან მძიმე ვერსიების გავრცელება მოჰყვეს, თუმცა პროკურატურა ახლა ვერაფერს ვერ გადაწყვეტს, სანამ ბიძნა ივანიშვილის დირექტივა არ ექნება“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს საიდუმლო შეხვედრების, მკვლელობის დაგეგმვის და პატრიარქის გადაყენების მიზნით შეთქმულებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ პროცესში უმაღლესი თანამდებობის პირები, მაღალი იერარქები და ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები მონაწილეობდნენ.

ამ განცხადებებზე პროკურატურას მოკვლევა ჯერ არ დაუწყია.

 

 


close დახურვა