დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას განიხილავს.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პარლამენტში, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე კვირაში განაცხადა.
ეს იმ ფონზე, როცა საპენსიო სააგენტოს შექმნიდან წელიწადნახევრის შემდეგაც, ჯერ კიდევ არ არის მზად საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი.
სწორედ ამ დოკუმენტმა უნდა განსაზღვროს, სად და როგორ უნდა დაბანდდეს მომავალში საპენსიო ფონდის თანხები. მთავრობა, როგორც ირკვევა, ფასიანი ქაღალდების მიღმა, სახელმწიფო საპენსიო დანაზოგების საწარმოებში ინვესტირებასაც არ გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა მათგანი ზარალზეა.
„როდესაც ჩვენ კანონპროექტი გაგვქონდა, მაშინაც ვაცხადებდით, რომ პირველი ორი წელი საფინანსო ბაზრის ინსტრუმენტებში ანუ ძირითადად დეპოზიტებში შეიძლება წასულიყო. ეს მოლოდინები რეალურად არსებობს, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ წლის ბოლოდან ან მომავალი წლის დასაწყისიდან უფრო მეტად უნდა დაიწყოს და სხვა ალტერნატიულ ინსტრუმენტებში, ალეტრნატიულში ვგულისხმობ არაფინანსური და არასახელმწიფო ფასიან ქაღალდებში, არამედ რეალურ სექტორში უნდა ჩაიდოს. ასევე სახელმწიფო საწარმოებიც მინდა შევიყვანო იმიტომ, რომ პოტენციალი მანდ არის და ბუნებრივია კომერციულ სექტორშიც“, - განაცხდა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ.
თუ მთავრობა მართლაც გადაწყვეტს სახელმწიფოო კომპანიებში ინვესტირებას, ეს ამ საწარმოების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საშუალებით მოხდება. სახელმწიფო საწარმოები გამოუშვებენ ფასიან ქაღალდებს, რომლებსაც საპენსიო შეისყიდის. ობლიგაციებში ინვესტირებული თანხა კი გარკვეული დროის შემდეგ ფონდმა კონკრეტული საპროცენტო სარგებლით უნდა დაიბრუნოს.
ზარალზე არაერთი სახელმწიფო საწარმო მუშაობს. მხოლოდ 2018 წელს მათმა ჯამურმა ზარალმა 805 მილიონი ლარი შეადგინა. ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა სახელმწიფო კომპანიამ „საქართველოს რკინიგზამ“ გასული წელი 5 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ზარალით დაასრულა.
ამ ფონზე ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო საწარმოებში სახელმწიფო სახსრების ინვესტირება მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს. ერთ-ერთი რისკი იმაში მდგომარეობს, რომ საწარმოებმა მიღებული თანხა ვეღარ დააბრუნონ და მოქალაქეების მიერ გაკეთებული საპენსიო დანაზოგი, კვლავ გადასახადის გადამხდელთა ასანაზღაურებელი გახდეს ბიუჯეტიდან.
„პრაქტიკულად არ გვაქვს ისეთი სახელმწიფო საწარმო ამ ქვეყანაში, რომელზეც დარწმუნებით ვიტყვით, რომ ის ისე მოქმედებს, როგორც იმოქმედებდა იმ შემთხვევაში რომ იყო კერძო მფლობელობაში. ამ პირობებში სახელმწიფო საწარმოებში ინვესტირება, ძალიან სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული“, - აცხადებს, PMCG-ს ეკონომისტი მიხეილ კუკავა.