გენერალური პროკურორობის კანდიდატების მოსმენა დილიდან განახლდა საპროკურორო საბჭოში. საბჭო დღეს ორ კანდიდატს მოუსმენს. 17 კანდიდატს შორის გასაუბრება ანბანის მიხედვით მიმდინარეობს და ის ლაივსტრიმით გადაიცემა.
ამ წუთებში საპროკურორო საბჭოში გასაუბრება მიმდინარეობს კანდიდატ რაულ გამისონიასთან. გამისონია იურისტი იყო პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიისა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას იძიებდა. გასაუბრებაზე შესვლამდე მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
საპროკურორო საბჭოში, უკვე მეორე დღეა, გასაუბრება პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. როგორც იურისტები ამბობენ, მათ პროცესის გამჭვირვალების იმედი არ აქვთ.
„საქართველოში პროკურატურა, ტრადიციულად, წარმოადგენს ორგანოს, რომელიც მუდმივად ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესების ამსრულებელია, არავითარი ილუზია არ უნდა გვქონდეს იმისა, რომ ეს პროცესი გამჭვირვალედ და სათანადო შედეგზე ორიენტირით იქნება გათვალისწინებული, რაც კანონდებლობით არის მოცემული. ხელისუფლებამ თავიდანვე თავის ფავორიტად გამოაცხადა ყოფილი მთავარი პროკურორი, რომლის მიმართაც არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, ამიტომ არავითარი ილუზია არ არსებობს, რომ ეს პროცესი რაიმე სხვა შედეგამდე მიგვიყვანს “, - განაცხადა დავით ჯანდიერმა.
საპროკურორო საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრება 27 იანვარს დაიწყო, დღეს საბჭოში კიდევ ორ კანდიდატს გაესაუბრებიან, პროცესი მომდევნო კვირას დასრულდება.