logo
ENG



სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვარკეთილის მეტრო 2 თვით დაიხურება

01 თებ 202311:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/01/d4p2itxwp261gat.jpg

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვარკეთილის მეტრო 2 თვით დაიხურება. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, მეტროს დახურვა, სავარაუდოდ, ივნისიდან აგვისტომდე მოუწევთ. 

კალაძის თქმით, ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოების კომპანია "ბადა კონსტრაქშენი" შეასრულებს. 

"ვიწყებთ ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. იცით, ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში, გარკვეული სამუშაოები წინა მერის პერიოდში იქნა განხორციელებული, თუმცა გვახსოვს, თუ რა სავალალო შედეგი მოხდა ვარკეთილის მეტროში, მხედველობაში მაქვს ჭერის ჩამონგრევა და მას შემდეგ, ვერანაირად ვერ მოხერხდა ამ სამუშაოების განხორციელება, მოწესრიგება არა მხოლოდ ჭერის, მთლიანად სარეაბილიტაციო სამუშაოების, იყო პრობლემები და მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ კომპანია, რომელიც შეასრულებს აღნიშნულ სამუშაოებს არის კომპანია ბადა კონსტრაქშენი. 

ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 13 მლნ 400 ათას ლარს, რომელიც მოიცავს სადგურის ინტერიერისა და შიდა ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას, განხორციელდება ახალი ჭერის მოწყობა თანამედროვე მასალებით. კომპანია სამუშაოებს დაიწყებს 9 თებერვალს, რაც განხორციელდება ყველა დადგენილი ნორმებითა და სტანდარტებით. სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 18 თვე, მომავალი წლის ზაფხულისთვის უნდა იყოს დასრულებული პროექტი. გარდა ამისა, შემუშავდა იმ სამუშაოების პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, იმიტომ რომ მეტრო განსაკუთრებული ობიექტია და სამუშაოების წარმოება თავისი სტანდარტებით უნდა განხორციელდეს. მეტროსადგურის დაკეტვა მოგვიწევს დაახლოებით 2 თვით, თუმცა გავიარეთ ეს ყველაფერი და ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება ივნისი-აგვისტოს შუალედში, რა თქმა უნდა, წინასწარ მივაწვდით ინფორმაციას მოსახლეობას", - თქვა კალაძემ. 


close დახურვა