logo
ENG



სარჯველაძე: პოლიციას ჰქონდა უზარმაზარი ამოცანა, რომელსაც გაართვა თავი ასე თუ ისე

06 ივლ 202113:25
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების წევრი, მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის და პოლიციის უმოქმედობის მიმართ პოლიტიკური თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას. 

"არ მგონია, ვინმე ჩემზე მეტად გაბრაზებული იყოს, მაგრამ ვითარება ძალიან მძიმე სანახავი იყო და ამ ფონზე არ არის აუცილებელი, ვინმემ დამატებითი შტრიხები შეიტანოს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რომ არ ყოფილიყო პრემიერმინისტრის გუშინდელი განცხადება, არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა - ეს არის მცდარი აზრი, ეს არის ტყუილი". - თქვა მან. 

ფორმულას ჟურნალისტის კითხვაზე, კმაყოფილია თუ არა პოლიციის გუშინდელი მუშაობით, სარჯველაძე ამბობს, რომ ამ ფორმით კითხვის დასმა არ შეიძლება. 

"პოლიციას გუშინ უზარმაზარი ამოცანა ჰქონდა, რომელსაც გაართვა თავი ასე თუ ისე. ეს გააკეთა იმ გზით, როცა განრიდებებს აკეთებდა კონკრეტულ ვითარებაში. ამას მოჰყვა სამართლებრივი რეაგირებაც. თუ კონკრეტულად საუბრობთ ვინმეს პასუხისმგებლობაზე, ამისთვის ნანახი საკმარისი არ არის". - თქვა მან. 

ჟურნალისტებზე ძალადობა გუშინ, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე ორგანიზებულად მიმდინარეობდა. 

პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც იქ თითქოს 18:00 საათზე დანიშნული ღირსების მარშის ჩასაშლელად მივიდნენ, დილიდან შეიკრიბნენ. 

რამდენიმე წუთში აიღეს პარლამენტის წინ განლაგებული ოპოზიციური კარვები, მიიჭრნენ მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებთან, პარალელურად კი ჟურნალისტების მიზანმიმართული დევნა და მათზე ძალადობა დაიწყო. დაამტვრიეს მედიების ტექნიკა და ჟურნალისტების პირადი ნივთები. 

თუმცა, ადგილზე ძალიან ცოტა პოლიციელი იყო. ხელისუფლებამ მედიაზე თავდასხმები არ აღკვეთა. 

პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობდნენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტებზე ძალადობა მაინც გაგრძელდა. 

პოლიციამ 53 ჟურნალისტის ცემისთვის პოლიციამ სულ 11 ადამიანი დააკავა, მათგან 8 - ადმინისტრაციული წესით, 3 კი - სისხლის სამართლის. 


close დახურვა