logo
ENG



სარჯველაძე ზელენსკიზე: რატომ მოიცალა ან რა ინფორმაციას ფლობდა, არ ვიცი, მაგრამ მცდარია

01 თებ 202323:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/01/bfl5m2l6fqqzrbb.jpg

ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ "არ იცის", რატომ მოიცალა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე სასაუბროდ, ან რა ინფორმაციას ფლობდა, თუმცა მისი თქმით, რაც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, მცდარია.

პლაიტრანიუსის ეთერში წამყვანმა მას ჰკითხა: უკრაინის პრეზიდენტმა, ომში მყოფმა მოიცალა ასეთი საკითხისთვის და რის საფუძველზე? მხოლოდ ამ ფოტოების საფუძველზე გააკეთა ეს განცხადება?".

"რატომ მოიცალა ომში მყოფი სახელმწიფოს მეთაურმა ამისთვის, ან რა ინფორმაციას ფლობდა, როდესაც განცხადებას აკეთებდა, მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, არ ვიცი, მაგრამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ის, რაც თქვა, იყო მცდარი", - აცხადებს ის.

დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და მისი ფოტოები წარადგინა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მიზანი - მოკლას სააკაშვილი. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჩნდება კითხვები - ვის მხარეს არიან ისინი, ნეიტრალურები არიან, თუ რუსეთის მხარეს.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მან სასამართლოს სიტყვით ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა და თქვა, რომ "ერთადერთი, რასაც ითხოვს, ადეკვატური მკურნალობის საშუალების მიცემაა".

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია. მან "არაეთიკური სურათის" ჩვენებისთვის ბოდიში მოიხადა. გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი. გამოსვლის დროს ის საუბრობდა ნელა, შესვენებებით და პაუზების დროს ღრმად სუნთქავდა.


close დახურვა