logo
ENG



სასამართლომ ანა სუბელიანზე თავდასხმაში ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

02 მარ 202014:54
3 წუთის საკითხავი
 
8wydv5xgg897j8g.jpg

საქალაქო სასამართლოში დღეს კინოთეატრ „ამირანთან“ მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირის პროცესი გაიმართა.

მოსამართლემ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

პროცესზე დღეს დაზარალებული ანა სუბელიანი დაკითხეს.  როგორც მან აღნიშნა, ბრალდებულმა ფაქტი აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ თავდასხმა ჰომოფობიურ ნიადაგზე არ მომხდარა.

„ფაქტს აღიარებენ, თუმცა სადაოდ ხდიან სიძულვილის მოტივს და ამტკიცებენ იმას, რომ თითქოს ჰომოფობიურ ნიადაგზე არ მოხდა ჩემს მიმართ აგრესია და მხოლოდ მემორიალს უკავშირდებოდა. ეს აბსურდია. საბოლოო ჯამში, ეს დადასტურდა იმით, რომ სხდომის ბოლოს ბრალდებულმა ბოდიში მომიხადა, თქვა რომ თურმე თამაზ სოზაშვილს ესროდა და არა მე, რითაც დაადასტურა, რომ მოტივი ზუსტად ჰომოფობიურია. ბრალდების მხრიდან იყო შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლომ დააფიქსირა თავისი პოზიცია და ახსნა, რომ მიუხედევად იმისა, რომ ეს კონკრეტული ქმედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულში გადის, საზოგადოებისთვის კონკრეტულ საფრთხეებს შეიცავს და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ ეს ადამიანი დარჩენილიყო პატიმრობაში“, - განაცხადა ანა სუბელიანმა.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, საქმის პროკურორის თქმით, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დანაშაული დისკრიმინაციული ნიშნით არის ჩადენილი.

„დღევანდელ პროცესზე დაიკითხა უშუალოდ დაზარალებული და ფაქტის შემსწრე კიდევ ერთი მოწმე. მათ დეტალურად გაიხსენეს განვითარებული მოვლენები და მიუთითეს, რომ ქმედება განხორციელებული იყო დისკრიმინაციული ნიშნით. მიუხედავად ბრალდებულის პოზიციისა, იგი ქმედებას აღიარებს, თუმცა უარყოფს მოტივს. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის არსებობა“, - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა კინოთეატრთან, ფილმის ,,და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენების დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე მოხდა. სუბელიანმა სახის არეში დაზიანება მიიღო. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლითაა აღძრული. 


close დახურვა