logo
ENG



სასამართლომ არ დააკმაყოფილა კონსერვატორიის სარჩელი არჩევნებზე ბრძანების გაუქმების შესახებ

10 ოქტ 202320:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/10/wr2tp7x1i43k4ok.jpg

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში აცხადებენ, რომ საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი სარჩელი თეა წულუკიანის მიერ კონსერვატორიაში არჩევნების გაუქმების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე. განცხადება კონსერვატორიის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადების თანახმად, კონსერვატორიამ სასამართლოს სარჩელით 2 ოქტომბერს მიმართა, თუმცა, უწყებამ არ დააკმაყოფილა კონსერვატორიის შუამდგომლობა. მათი თქმით, მოქმედ რექტორს ვადა 21 ოქტომბერს ეწურება, აქედან გამომდინარე, სასამართლო განხილვა აზრს კარგავს.

"2023 წლის 2 ოქტომბერს კონსერვატორიამ სარჩელით (სარჩელი უზრუნველყოფით) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2023 წლის 25 სექტემბერს გამოცემული კონსერვატორიის რექტორის არჩევნების გაუქმების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრძანების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა.

იმის გათვალისწინებით, რომ შუამდგლომლობა არ დაკმაყოფილდა, მოქმედ რექტორს კი 21 ოქტომბერს ეწურება ვადა, სასამართლო განხილვა აზრს კარგავს", - აცხადებენ კონსერვატორიაში.

26 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები პროცედურები შეწყდა. მინისტრის ბრძანებით გაუქმდა არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 28 ივლისის დადგენილება.

20 სექტემბერს მინისტრის საათზე კულტურის მინისტრი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში "რეფორმით" დაიმუქრა. როგორც მან პარლამენტში გამოსვლისას თქვა, ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი "ხარვეზია" და არ დამალა, რომ ცვლილებებს გეგმავს.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას რექტორი ნანა შარიქაძეა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2019 წელს 4 წლის ვადით აირჩიეს. შარიქაძე ერთ-ერთია, ვინც რამდენიმე თვის წინ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკული პოსტით გამოეხმაურა.


close დახურვა