ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის შორენა ღლონტის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია. ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს, რომელიც ღლონტის ინტერესებს იცავდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს კომპენსაცია 20 000 ლარის ოდენობით და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ყოველთვიური 2500 ლარის გადახდა დააკისრა.
შორენა ღლონტი 2014 წლიდან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა. თუმცა, 2020 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძის დანიშვნის შემდგომ, ახალი მენეჯმენტის პროსახელისუფლებო პოზიციებისა და ლოიალობის გათვალისწინებით, იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მაუწყებლის დირექტორის ბრძანებით იგი გადაიყვანეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდისა და სოციალური მედიის არასაშტატო პოზიციაზე კონსულტანტად, ხოლო მას შემდეგ რაც მან საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციიდან გათავისუფლების გამო სასამართლოს სარჩელით მიმართა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა მას კონსულტანტის პოზიციაზე ყოფნის შრომითი ხელშეკრულების ვადა შეუმცირა და მცირე ხანში ამ პოზიციიდანაც გაათავისუფლა.
სასამართლომ დაახლოებით 2-წლიანი განხილვის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება - ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და უკანონოდ ცნო შორენა ღლონტის სამსახურიდან გათავისუფლება, თუმცა უარი თქვა საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე აღდგენაზე და სანაცვლოდ, საზოგადოებრივ მაუწყებელს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.