თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გახარიას პარტიის საქართველოსთვის მხარდამჭერ აკაკი ბართაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბართაია პოლიციამ 16 აგვისტოს, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.
გახარიას გუნდში ამბობენ, რომ ბრალდებულს იარაღი ჩაუდეს და მისი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
"იარაღი ჩაუდეს და დააკავეს ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, აკაკი ბართაია, რომელსაც ჯერ ახლობლების მეშვეობით შეუთვალეს, რომ შეეწყვიტა აქტიური პოლიტიკური საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ დაჭერით, რამდენიმე დღეში კი მას იარაღი ჩაუდეს ავტომანქანის საბარგულში. ეს მოხდა 16 აგვისტოს. საქმის მასალები ადვოკატისთვის ცნობილი გახდა გუშინ საღამოს", - თქვა პარტიის წევრმა ანა ბუჩუკურმა.
ცნობისთვის, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ. 17 აგვისტოს კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, რომ მათ სუს-ის თანამშრომლები დაყვებიან.
ქემოკლიძის თქმით, თელავსა და გურჯაანში საარჩევნო შეხვედრების დროს გიორგი გახარიას ავტომობილს მანქანებით მიყვებოდნენ და აკვირდებოდნენ, ვის ხვდება ყოფილი პრემიერმინისტრი.