logo
ENG



სასამართლომ ესებუას ხელმეორედ პატიმრობა აღარ შეუფარდა, რადგან უკვე პატიმრობაშია

10 თებ 202317:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/10/e7z7966lrocktfu.jpg

ზუგდიდში საქართველოს ბანკის დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას ეხებოდა.

წინასასამართლო სხდომა 30 მარტს გაიმართება. 

პროკურატურა ესებუასთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა და ამტკიცებდა, რომ ამის საფუძვლები არსებობდა.  პროკურორის თქმით, ბადრი ესებუას დაკავებისას დიდი ოდენობით რუსული ფული და ე.წ. აფხაზური პასპორტი ჰქონდა.

ბრალდების მხარის შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე და განმარტავდა, რომ ესებუას უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა ერთ საქმეზე და პატიმრობის ორჯერ გამოყენება საჭირო არაა.

ესებუა ამჟამად ბათუმის საპატიმროში იმყოფება, დღევანდელი პროცესი კი ზუგდიდში მიმდინარეობდა. 

"არაფრის დამატება არ მინდა, უბრალოდ მინდა, რომ სასამართლოს სხდომათა დარბაზში ვიმყოფებოდე და არა აქედან "სკაიპით". ვერ დავიცავ თავს, ძლივს მესმის ხმა თქვენიც და ადვოკატისაც. უბრალოდ, აზრი არ აქვს, ასე სკაიპით საუბარს. [...] ვატყობ, ფაქტობრივი საცხოვრებელი რომ არ მაქვს ესეც დანაშაულია, ჩემი სახლი რომ არ მაქვს", - განაცხადა ესებუამ პროცესზე.

საბოლოოდ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდების დაცვის შუამდგომლობა და უკვე პატიმრობაში მყოფ ბადრი ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მეორედ აღარ შეუფარდა. მისი განმარტებით, ესებუას მხრიდან ხელახალი დანაშაულისა და მიმალვის საფრთხე არ არსებობს და შესაბამისად, რადგან ის უკვე პატიმრობაში იმყოფებოდა. 

ორწლიანი ძებნის შემდეგ, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი, ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავეს.  ესებუა ზუგდიდში, სოფელ ჯიხაშკარში გამთენიას აიყვანეს, როცა სავარაუდოდ, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. ესებუა ბრალს არ აღიარებს. როგორც ადვოკატმა თქვა, ესებუას ლიკვიდაციის ეშინოდა და ამის გამო მიმალვაში იყო.

მას ზუგდიში საქართველოს ბანკის დაყაჩაღება და ადამიანების მძევლად აყვანა ედება ბრალად. მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ესებუამ 500 ათასი დოლარი მოითხოვა. გარდა ამისა, ესებუას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებასაც ედავებიან. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს იძულებას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, ასევე, ტერორისტული აქტსა და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდებას.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა