logo
ENG



სასამართლომ ნამახვანჰესის აქციაზე 27 მაისს დაკავებული აქტივისტები გაამართლა

07 ივნ 202120:54
3 წუთის საკითხავი
clock 1130
2021/06/07/jt7kbt34awamcs7.jpg

სასამართლომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე, 27 მაისს დაკავებული აქტივისტები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით გაამართლა, წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში კი სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. გადაწყვეტილება მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძემ მიიღო.

პროცესის პარალელურად, სასამართლოს შენობასთან რიონის ხეობის მცველების აქცია მიმდინარეობდა. მათი თქმით, სასამართლოს დაკავებული აქტივისტების ორივე ნაწილში გამართლება შეეძლო.

27 მაისს, სოფელ გუმათში გამართულ აქციაზე 8 აქტივისტი დააკავეს. შსს მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება. აღსანიშნავია, რომ 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებია:

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ენკამ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.

ხელისუფლება აქციის მონაწილეებს ეუბნება, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მათ "გონიერებისკენ" მოუხმო.

აღსანიშნავია, რომ 25 მაისს, მედიაგამოცემა მთის ამბებმა მოიპოვა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც უარყოფითად აფასებს ნამახვანჰესის ხელშეკრულებას.

 


close დახურვა