სასამართლოში კი გიორგი ვაშაძის, ირაკლი კუპრაძისა და სხვათა პროცესი მიმდინარეობს. მათ, 12 დეკემბერს პარლამენტთან განვითარებული მოვლენების გამო ადმინისტრაციული წესით ედავებიან. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ 7 მოვლენების ამსახველი 7 ვიდეოჩანაწერი მტკიცებულების სახით წარმოადგინა. დღესვე უნდა დაიკითხოს რამდენიმე მოწმეც.
როგორც თავად ბრალდებულები აცხადებენ, სამხრე კამერების ჩანაწერების არსებობა ბუნდოვანია და პოლიციელები სხვადასხვა ჩვენებას იძლევიან.
„პროცესზე პოლიციელებმა თქვეს სხვადასხვა რამ. ზოგი ამბობს რომ არის სამხრე კამერების ჩანაწერები,ზოგი ამბობს არ არისო, ზოგმა კი არის, მაგრამ პატარაო. ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ სამხრე კამერების ჩანაწერების გარეშე საერთოდ არ უნდა მოხდეს საქმის განხილვა. სასამართლო უნდა იდგეს თავის სიმაღლეზე და პოლიცია არ უნდა უქნევდეს მათ თითს", - განაცხადა ერთ-ერთმა დაკავებულმა, გიორგი ვაშაძემ.
„ლელოს“ წარმომადგენელი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ხალხი გასამართლდება იმისთვის, რომ ითხოვდნენ დამოუკიდებელ სასამართლოს და უნდოდათ თუნდაც ვალერიან ფილიშვილის თავისუფლება.
„დღეს კიდევ რამდენიმე ადამიანს ასამართლებენ იმისთვის, რომ ვიცავდით დამოუკიდებელი სასამართლოს იდეას და მათ გაასამართლებს სასამართლო საბჭოთა კოდექსით. ეს არის მათი სახე და „ქართული ოცნება“ აკავშირებს ამ სახეს მათთან. ახალი არაფერი არ არის ამაში", - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს პარლამენტთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ისინი უმრავლესობის მიერ ე.წ. კლანთან აფილირებული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას აპროტესტებდნენ.