"მთავარი არხის" დირექტორის შემდეგ, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელევიზიის მეწილის, გიორგი რურუას პროცესიც ჩატარდება.
სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის. მოძრაობა „სირცხვილია" რურუას ოჯახის წევრებთან და სხვა აქტივისტებთან ერთად მის უკანონო პატიმრობასა და იარაღის ჩადებას გააპროტესტებენ. აქციის მონაწილეები რურუას გათავისუფლებას მოითხოვენ.
მოძრაობა „სირცხვილიას" აქტივისტი, ირაკლი ფავლენიშვილი და ბრალდებულის ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი მას ბიძინა ივანიშვილის პირად პატიმრად მოიხსენიებენ. ადვოკატის განცხადებით, გიორგი რურუა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ, თუმცა თავად ამის მოლოდინი არ აქვს. აღსანიშნავია, რომ გიორგი რურუას უდანაშაულობას თავად ექსპერტიზაც ადასტურებს, ასევე მას დაკავებისას პირადი ჩხრეკა არ ჩატარებია.