აქტივისტებისა და ოპოზიციონერი ლიდერების გასამართლებით ცნობილი ვალერიანე ფილიშვილი დღეს განაჩენს კიდევ 6 ადამიანს გამოუტანს.
საუბარია 12 დეკემებერს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების საქმეზე. დაკავებულ პირებს შორის არიან „გამარჯვებული საქართველოს" წევრი გურამ ჩალაგაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ბესიკ გაზდელიანი.
დღევანდელ პროცესზე სავარაუდოდ ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან და ვიდეომტკიცებულებებს წარადგენენ.
“ჩვენ არაფერი დაგვიშავებია. ზებრა გადასასვლელზე ვმოძრაობდით და მოძრაობას არ ვაფერხებდით. მაინც დაგვაკავეს. რეალურად ეს ხელისუფლება არის აგონიაში. ყოველ ჯერზე ერთი და იგივე მუხლებით გვაკავებენ. თითქოს არ ვემორჩილებოდით პატრულს და ვილანძღებოდით უშვერი სიტყვებით, მაგრამ ასეთი არაფერი მომხდარა", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბესიკ გაზდელიანმა.
შეგახსენებთ, რომ გურამ ჩალაგაშვილი, ბესიკ გაზდელიანი, გიორგი თევდორაძე და კიდევ რამდენიმე პირი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებთან დაპირისპირების დროს დააკავეს. აქციაზე ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნას აპროტესტებდნენ.