logo
ENG



სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის საბოლოო სხდომა მიმდინარეობს

16 დეკ 202111:16
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს საქმის არსებითი განხილვა სრულდება, სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგება. 

როგორც ცნობილია, მოსამართლემ განაჩენი დღევანდელი პროცესის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში უნდა გამოაცხადოს.

პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში შეიკრიბნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერები და  აქტივისტები. 

სხდომის დაწყებამდე, მამუკა ხაზარაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ბრალდება აბსურდულია და ამ საქმეში ფულის გათეთრება არ ყოფილა. როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში ბრძოლა გაგრძელდება. 

"მთავარ მიზანს, რომ ჩვენი დისკრედიტაცია მოეხდინათ ვერ მიაღწიეს. მთავარი მიზანი, რომ ეპოვათ დანაშაული, ვერ მიაღწიეს. ამიტომ არის, რომ ეს სპექტაკლი სამი წელი იწელება. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნას მიღებული, ჩემთვის არაა მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ ვერ გაგვტეხეს, ვერ შეგვაშინეს და ვერც გადაწყვეტილებით შეგვაშინებენ. ბრძოლა გაგრძელდება, ამ ქვეყანას აქვს დიდი მომავალი. ერთხელ და საბოლოოდ ვიტყვი, რომ არანაირი დარღვევა ამ საქმეში არ ყოფილა, არათუ ფულს გათეთრება", - თქვა ხაზარაძემ. 

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას (ფულის გათეთრებას) ედავება.

ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.


close დახურვა