logo
ENG



სასწავლო პროცესის გადადება ვირუსის გავრცელებაზეა დამოკიდებული - ტიკარაძე

18 მარ 202013:11
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სასწავლო პროცესის გადავადების შესახებ განცხადება გააკეთა - მისი თქმით, ეს მთლიანად ვირუსის გავრცელებაზეა დამოკიდებული და წინასწარ რთული იქნება პროგნოზირება, როდის განახლდება სწავლა.

„სწავლის გადავადების რეკომენდაცია ცალსახადაც დამოკიდებულია ვირუსის გავრცელებაზე - თუ გვექნება მაღალი მატება, გავცემთ რეკომენდაციას, რომ გადავადდეს სწავლა. დისტანციურ სწავლებაზე მუშაობს განათლების სამინისტრო და ვეცდებით, ეს წელი ჩამთავრდეს სრული აკადემიური მოსწრებით", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა ისაუბრა მოხალისეების როლზეც - მისი თქმით, თავდაპირველად მათ უნდა გაიარონ სპეციალური გადამზადება და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთვებიან ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

„ჯანდაცვის სამინისტროში გვაქვს ბაზა, რომელის მოიცავს მარტოხელა პენსიონერების და ქრონიკული პაციენტების სიას. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ფოსტა ჩაერთვება სქემაში - დღეს გვექნება შეხვედრა, როგორ იმუშავებს ფოსტა მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. მნიშვნელოვანია, მოხალისეებს ჰქონდეთ გავლილი ინსტრუქტაჟი - ვიზრუნებთ, რომ მიიღონ საჭირო ინფორმაცია. ისინი იქნებიან სპეციალურ რგოლებთან მიბმულები", - აცხადებს მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ ეტაპზე 38 ინფიცირებულია რეგისტრირებული - საკოორდინაციო საბჭოს წევრების თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება არ არის.

 


close დახურვა