logo
ENG



სასწრაფო დახმარების 1 500-მდე თანამშრომელი სამუშაო პირობებსა და ანაზღაურებას აპროტესტებს

27 მაი 202212:28
3 წუთის საკითხავი
 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები არასათანადო სამუშაო პირობებსა და ანაზღაურებას აპროტესტებენ.

1 500-მდე თანამშრომელი სასწრაფო დახმარების ცენტრთან აქციას დღეს, 13:00-ზე გამართავს.

თანამშრომლების თქმით, მათი ანაზღაურება არ შეესაბამება სამუშაოს დატვირთვასა და გრაფიკს. ბოლო 1 თვეა კი მათ პანდემიისთვის გათვალისწინებული დანამატები მოეხსნათ და ხელფასი თითქმის გაუნახევრდათ.

ცენტრის მთავარი ექიმის მაია ნაკაშიძის თქმით, თანამშრომლები 2 კვირის განმავლობაში არაერთხელ შეხვდნენ ხელმძღვანელებსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება დათქმულ ვადებში არ მომხდარა.

„პანდემიასთან 2-წლიანი ბრძოლის შემდეგ ჩვენ შეგვიმცირდა ხელფასი და მოგვეხსნა დანამატი რაც აკომპენსირებდა ჩვენს შემოსავალს. გვქონდა 2-კვირიანი მოლაპარაკება, 4-ჯერ გვქონდა შეხვედრა ჩვენს ხელმძღვანელებთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან, თუმცა კონკრეტული პასუხი დათქმულ ვადაში არ მიგვიღია“, - განაცხადა ექიმმა. 

მაია ნაკაშიძე აცხადებს, რომ მათი საქმე დიდ დატვირთვასთან და ჯანმრთელობისთვის რისკებთანაა კავშირში და ახლა პროტესტის გარდა სხვა გზა არ დარჩათ.

„ომის დროს მშვიდობიან პერიოდში ვართ სამსახური რომელიც დღე და ღამე 365 დღე ვმუშაობთ. ჩვენი მუშაობა გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული: ჩვენ ვიტვირთებით გონებრივად, ფიზიკურად ემოციურად. ჩვენ აღარ დაგვრჩა სხვა გზა გარდა აქციებისა. მივმართავთ სამინისტროს, მინისტრს მთავრობას, ყველას ვისაც ეხება და შეუძლია ამის მოგვარება რომ გაითვალისწინონ ჩვენი მდგომარეობა, გაეცნონ ჩვენს სიტუაციას და ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები დააკმაყოფილონ. ჩვენ არ გვაქვს არანაირი შეღავათი და ძალიან ვთხოვთ, რომ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა დააკმაყოფილონ“, - განაცხადა სასწრაფოს მთავარმა ექიმმა, მაია ნაკაშიძემ

თანამშრომლები ამბობენ, რომ აქციები მანამ გაგრძელდება სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება და სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლები ღირსეულ ანაზღაურებას და ადეკვატურ სამუშაო პირობებს არ მიიღებენ. 


close დახურვა