ორთაჭალის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი გუშინ გამოვლენილ ფაქტთან დაკავშირებით საუბრობს, რომლის მიხედვითაც, ორთაჭალის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ექიმის განცხადებით, ვისაც ამ ექიმთან ჰქონდა კონტაქტი, ყველანი საკარანტინო სივრცეში არიან და ჯერჯერობით არცერთ მათგანს ამ ეტაპისთვის კორონავირუსის სიმპტომები არ გამოვლენია. რაც შეეხება შენობას, ჩატარდა მისი დეზინფექცია. ორთაჭალის სასწრაფო დახმარების ფილიალი ისევ აგრძელებს მუშაობას, სადაც დღის განმავლობაში სასწრაფო დახმარების 7 ბრიგადა მუშაობს.
„ჩვენთან სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ქალთან შემხებლობაში მყოფი კონტაქტები კარანტინში არიან გადაყვანილები“, - განაცხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა სოფო პერტახიამ.
სასწრაფო დახმარების მედიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით განცხადება არ გაკეთებულა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 156 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 28 პაციენტი კი გამოჯანმრთელებულია.