logo
ENG



სატირული ჟურნალი შარლი ებდო 2 სექტემბრის ნომერში მუჰამედის კარიკატურებს დაბეჭდავს

01 სექ 202016:23
3 წუთის საკითხავი
 
matihf6u4k88efo.png

"ჩვენ არ ვაპირებთ ხელების ჩამოყრას, ჩვენ არასოდეს დავნებდებით" - ამ განაცხადით რადიკალი ისლამისტების თავდასხმიდან 5 წლის შემდეგ ფრანგულმა სატირულმა გამოცემამ "შარლი ებდომ" ჟურნალის ახალ ნომერში წინასწარმეტყველ მუჰამედის ამსახველი ანიმაციებისა და კარიკატურების ხელახლა გამოშვება დააანონსა. რედაქციის ცნობით, კარიკატურები 2015 წლის თავდასხმაში მონაწილე პირების სავარაუდო თანამზრახველების სასამართლო პროცესის პარალელურად დაიბეჭდება.

ტერაქტიდან 5 წელი გავიდა. თავდასხმაში უშუალოდ მონაწილე ჯიჰადისტი ძმები, შერიფ და საიდ კუაშები, სამართალმდამცველებმა თავდასხმიდან რამდენიმე საათში მოკლეს, თუმცა მათ თანამზრახველობაში ბრალდებული 14 პირის სასამართლო პროცესი ოთხშაბათს, 2 სექტემბერს გაიმართება. სწორედ პროცესის პარალელურად დაბეჭდავს ჟურნალი იმ კარიკატურებს, რომლებსაც რედაქციის 12 თანამშრომლის მკვლელობა მოჰყვა. 

ტერაქტს, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, ჟურნალის წინა ყდაზე დაბეჭდილი მუჰამედის კარიკატურები უსწრებდა წინ. 2015 წელს ჯიჰადისტმა ძმებმა შეიარაღებული თავდასხმისას რედაქციის 12 თანამშრომელი დახოცეს, მათ შორის გამოცემის 5 მთავარი კარიკატურისტი: შარბიკაბიუ, ვოლინსკი, ონორე და ტინიუსი. ტერორისტულ თავდასხმამდე ჟურნალის მთავარი კარიკატურისტი შარბი ისლამისტურ ორგანიზაცია "ალ-ყაიდას" სპეციალურ სამიზნეთა სიაში ჰყავდა შეყვანილი. 2015 წლის თავდასხმა რედაქციის მრავალი თანამშრომლისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. რედაქცია მანამდეც არაერთხელ გამხდარა რადიკალი ისლამისტების სამიზნე.  

პირველად "შარლი ებდოს" კარიკატურებმა აღშფოთება და პროტესტი საფრანგეთის მუსლიმ თემში 2006 წელს გამოიწვია, როდესაც ჟურნალის საწყის გვერდზე კარიკატურისტებმა მუჰამედი გამოსახეს წარწერით - "რთულია, როდესაც ბრიყვებს უყვარხარ". ცნობილი კარიკატურა მუსლიმი ფუნდამენტალისეტების კრიტიკას ემსახურებოდა. ჟურნალის ეს ნომერი რეკორდული, 160 000-იანი ტირაჟით გაიყიდა. 

პირველი თავდასხმა რედაქციაზე 2011 წლის ერთ-ერთ ნომერს მოჰყვა სახელწოდებით - "შარიათის ებდო". ჟურნალის წინა ყდაზე კარიკატურისტებმა კვლავ მუჰამედი გამოსახეს წარწერით - "თუ სიცილით არ მოკვდები, სასჯელის სახით 100 შოლტს მიიღებ". გამოცემის ეს ნომერი არჩევნების შემდეგ ლიბიაში შარიათის კანონის შემოღებას ეხმაურებოდა, ისევე, როგორც ტუნისში ისლამისტური პარტიის გამარჯვებას. ნომრის გამოშვების შემდეგ გამოცემის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა, რამდენიმე თავდამსხმელმა კი რედაქციის შენობის აფეთქება სცადა, თუმცა უშედეგოდ. 

ჟურნალის ხვალინდელი ნომერი კი შემდეგი სათაურით დაიბეჭდება: "ეს ყველაფერი, მხოლოდ ამისთვის". ნომრის ყდაზე კი მოკლული კარიკატურისტის, კაბიუს მიერ შესრულებული მუჰამედის ანიმაცია იქნება დაბეჭდილი. 

"ჩვენ მუდამ გვთხოვდნენ მუჰამედის ახალი კარიკატურების დაბეჭდას, თუმცა ჩვენ უარს ვაცხადებდით. არა იმიტომ, რომ უფლება არ გვქონდა, პირიქით, კანონი სრულ უფლებას იძლევა, არამედ იმიტომ, რომ ამისათვის სწორი მიზეზი არ მოგვეპოვებოდა.მიზეზი, რომელიც უკვე არსებულ დისკუსიას ხელახალ ბიძგს მისცემდა.

სწორედ სასამართლო პროცესი აღმოჩნდა ყველაზე სწორი დრო და მიზეზი კარიკატურების გასაცოცხლებლად", - განაცხადა ჟურნალის ამჟამინდელმა მფლობელმა, ლორენ რისმა. 


close დახურვა