logo
ENG



საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს

18 ოქტ 201917:19
3 წუთის საკითხავი
 
b06xzack5pa3myw.png

უკვე 2 საათზე მეტია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

დეპუტატების წინაშე მოხსენებით ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე წარსდგა და დეპუტატების შეკითხვებსაც პასუხობს.

კანონმდებლებს საგარეო ვალის გაზრდილი მოცულობა და ლარის კურსის ის პარამეტრი აწუხებთ, რომელზე გათვლითაც ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დაიგეგმა.

კითხვები, რომლებიც დეპუტატებმა კომიტეტზე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს დაუსვეს იყო საკმაოდ კონკრეტული. მათ იკითხეს, რომ ბიუჯეტი დათვლილია იმ მონაცემებით, როდესაც ლარის კურსი იყო დოლართან მიმართებით 2.96 და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ლარის კურსი აღარ დასტაბილურდება?

დეპუტატებმა ასევე იკითხეს შემცირდება თუ არა ბიუროკრატიული ხარჯები და რა კონკრეტული შედეგი მოიტანა მაგალითად, რამდენიმე სამინისტროს გაერთიანებამ. ისინი ასევე დაინტერესდნენ, რატომ არის წამგებიანი 100-მდე სახელმწიფო საწარმო.

ბიუჯეტის მიხედვით ხელფასების ზრდა იგეგმება ივნისიდან ან სექტემბრიდან. დეპუტატები დაინტერესდნენ, რატომ არ იგეგმება ხელფასების ზრდა მაგალითად იანვრიდან და ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ხელისუფლება ცდილობს 2020 წლის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გაზარდოს ხელფასები, რომ ეს ამომრჩეველს კარგად დაამახსოვრდეს და არჩევნებზე მისი გული მოიგოს. კითხვა დაისვა საგარეო ვალთან დაკავშირებითაც. დეპუტატებს აინტერესებდათ რატომ უწევს სახელმწიფოს ასეთი დიდი საგარეო ვალის აღება და რაში იხარჯება საგარეო ვალი.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით ყველა ვალუტის მონაცემებია ბიუჯეტში ასახული. რაც შეეხება საგარეო ვალს, ესეც ლარის კურსის დოლართან მიმართ ცვალებადობით აიხსნა.

რაც შეეხება ხელფასების ზრდას, ამათან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამას გაცილებით მეტი რესურსი სჭირდება ვიდრე ახლა სახელმწიფოს აქვს.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა კომიტეტის სხდომაზე ეს განხილვა, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის შემაჯამებელი განხილვაა. ეს პროექტი უკვე განიხილეს სხვადასხვა კომიტეტისა და ფრაქციების სხდომაზე. ამის შემდეგ, ეს პროექტი ისევ გადეგზავნება პარლამენტიდან შენიშვნებით ფინანსთა სამინისტროს, რის შემდეგაც ის განსახილველად ისევ პარლამენტში დაბრუნდება.


close დახურვა