logo
ENG



საფინანსო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები კობა გვენეტაძეს დაუპირისპირდნენ

02 ივნ 202117:28
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე დეპუტატებმა გააკრიტიკეს. 

კობა გვენეტაძემ ეროვნული ბანკის 2020 წლის ანგარიში წარმოადგინა. 

განსაკუთრებით მწვავე შეფასებები ლელოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჰქონდათ - მათი კრიტიკა TBC ბანკში ფულის გათეთრების ბრალდებამ გამოიწვია. მამუკა ხაზარაძე ბანკის დამფუძნებელია, ის და ბადრი ჯაფარიძე მას წლების განმავლობაში მართავდნენ.  

2018 წლის აგვისტოში პროკურატურამ ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების შესწავლა დაიწყო. პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით - უწყების მტკიცებით, მათ 16 754 000 აშშ დოლარი "გაათეთრეს". 

იმავე წლის 14 თებერვალს კი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკთან და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.  

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ გვენეტაძეს უთხრა, რომ ის მისი და ჯაფარიძის მიმართ პოლიტიკურ დევნაში მონაწილეობდა. 

"თქვენ შეასრულეთ პოლიტიკური დავალება და ჩემი და ბადრის მიმართ პოლიტიკური დევნის ნაწილი გახდით. ერთხელ არ გამოსულხართ და არ გიცდიათ, სიმართლე გეთქვათ, რომ არავითარი ფულის გათეთრება იქ არ ყოფილა. იმიტომ, რომ ამას ადასტურებს თქვენივე შემოწმება. მარტო ამის გამო ხართ თქვენ ამ თანამდებობიდან გასაგდები. დიდი ბოდიში, ამ სიტყვას რომ ვამბობ პარლამენტში. როგორ გიძლებთ ნამუსი, რომ - ტრანზაქცია ახსენეთ და ამ ტრანზაქციის გამო თქვენ ბანკი დააჯარიმეთ. ბანკმა გადაიხადა თანხა და ამით დამთავრდა თქვენთან ურთიერთობა. რომელ ტრანზაქციაზე მელაპარაკებით, თქვენ ხართ ქართული ოცნების, ბიძინა ივანიშვილის პროკურატურის ნაწილი". - თქვა მამუკა ხაზარაძემ სხდომაზე. 

გიორგი ვაშაძის კრიტიკა გვენეტაძის მიმართ კი ეროვნულ ბანკში დიდი ოდენობით გაცემულ პრემიებს და დანამატებს ეხებოდა. IDFI-ის კვლევის მიხედვით, 2020 წელს პრემიის სახით ყველაზე მეტი თანხა, 5.5 მილიონი ლარი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასცა. 

ქართული ოცნების დეპუტატმა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ კი ეროვნული ბანკი დაადანაშაულა ლარის გაუფასურებაში. 


close დახურვა