საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. ავტორი დეპუტატი ბენჟამინ ჰადიდია.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას.
რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონი რუსეთის ფედერაციისგანაა შთაგონებული და დემოკრატიულ ღირებულებებთან და პრინციპებთან შეუთავსებელია. ასევე, ნათქვამია, რომ ის არღვევს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას გაცემულ რამდენიმე რეკომენდაციას.
დოკუმენტში დაგმობილია პოლიციის მხრიდან დემონსტრაციებზე გამოვლენილი ძალადობა, დაკავებები, დაშინებისა და შევიწროების მცდელობები ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მიმართ.
რეზოლუციით საქართველოს ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფალი ფუნქციონირების შემზღუდავი კანონის გაუქმებასა და ვენეციის სასწრაფო რეკომენდაციების განხორციელებისკენ მოუწოდებენ.
ასევე, ვკითხულობთ მოწოდებას ხელისუფლების მიმართ, რომ გაატაროს რეფორმები, რომელიც სახელმწიფოს გაძლიერებისაკენ, კორუფციასთან ბრძოლისა და ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ოლიგარქების დომინანტურ როლის შემცირებისკენ იქნება მიმართული.
გარდა ამისა, რეზოლუციით დაგმობილია ჟურნალისტებისა და ოპონენტების დევნა და მაგალითად ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია მოყვანილი. დოკუმენტის ავტორები სთხოვენ ევროკომისიას, წარმოადგინოს შეფასება საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების პროგრესთან დაკავშირებით.