logo
ENG



საფრანგეთის პარლამენტი EU-ს რეზოლუციით მოუწოდებს, ვაგნერი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს

10 მაი 202309:33
3 წუთის საკითხავი
 
AFP via Getty

საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირს მოუწოდებს, რუსული კერძო სამხედრო ჯგუფი ვაგნერი ოფიციალურად ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს.

თუ ვაგნერი ევროკავშირის ტერორისტული ორგანიზაციების სიაში მოხვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ბლოკის წევრ ქვეყნებს შეეძლებათ მისი აქტივების გაყინვა და ვაგნერის წევრებს ევროპულ კომპანიებსა და მოქალაქეებთან ბიზნესის კეთება აეკრძალებათ.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ფრანგმა დეპუტატმა ბენჯამინ ჰადადმა თქვა, რომ ვაგნერი ძალადობრივი ჯგუფია, რომელიც ადამიანებს კლავს, აწამებს და სათანადოდ არ ისჯება და ევროკავშირის მხრიდან ტერორისტად აღაირებით, გაძლიერდება სამართლებრივი ინსტრუმენტები ვაგნერის წინააღმდეგ. 

"სადაც არ უნდა მუშაობდნენ, ვაგნერის წევრები ავრცელებენ არასტაბილურობასა და ძალადობას. ისინი კლავენ და აწამებენ. ისინი ხოცავენ და ძარცვავენ. ისინი აშინებენ და მანიპულირებენ თითქმის სრული დაუსჯელობით.

ეს რეზოლუცია და მისი ევროპული ფარგლები მიზნად ისახავს ... გააძლიეროს სამართლებრივი ინსტრუმენტები [ვაგნერის ჯგუფის] წინააღმდეგ. მისი ევროკავშირის სიაში დამატებას ექნება გავლენა ყველა დაინტერესებულ მხარეზე, ბანკებზე, რომლებიც მის საქმიანობას შესაძლებელს ხდის.". - განაცხადა ჰადადმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტს ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, მიჰყვნენ მის მაგალითს.

"ტერორიზმის ყველა გამოვლინება უნდა განადგურდეს და ყველა ტერორისტი უნდა დაისაჯოს" - განაცხადა ზელენსკიმ.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატერინ კოლონამ განაცხადა, რომ იურიდიულად ევროკავშირის ტერორისტულ იარლიყს არ ექნება რაიმე "პირდაპირი დამატებითი ეფექტი" ვაგნერის ჯგუფზე. მაგრამ მისი თქმით, "არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი ამგვარი აღიარების სიმბოლურ მნიშვნელობაში, არც იმ დამაბრკოლებელ ეფექტში, რომელიც მას შეიძლება ჰქონდეს იმ სახელმწიფოებზე, რომლებსაც აქვთ ცდუნება, მიმართონ ვაგნერს".

8 მაისს გამოცემა Times-მა განაცხადა, რომ 2 თვის განმავლობაში სამართლებრივ საქმეზე მუშაობის შემდეგ, ბრიტანეთი ასევე აპირებს ვაგნერი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს, რათა გაზარდოს წნეხი რუსეთზე.

Times წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ვაგნერის შავ სიაში მოხვედრა გარდაუვალია და ეს, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში მოხდება.

ამ ნაბიჯით ბრიტანეთში ვაგნერთან მიკუთვნებულობა, მის შეხვედრებზე დასწრება, მისი მხარდაჭერა, მისი სიმბოლოს საჯაროდ გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება. Times-ის თქმით, ვაგნერს დაეკისრება ფინანსური სანქციები, რაც გავლენას იქონიებს ვაგნერის მიერ ბრიტანეთის ფინანსური ორგანოების გავლით დაფინანსების მოგროვების შესაძლებლობებზე.

ვაგნერსა და მის ლიდერს ევგენი პრიგოჟინს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები უკვე არაერთხელ დაუწესეს.

პრიგოჟინის აქტივები ევროკავშირში 2020 წლიდან გაყინულია. ლიბიაში ვაგნერის ჯგუფის გადასმის გამო კი ის ვიზის შავ სიაშიცაა.


close დახურვა