საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ მწვანე შუქი აუნთო პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სადავო რეფორმას საპენსიო ასაკის ზრდის შესახებ, რამაც ქვეყნის მასშტაბით პროტესტი გამოიწვია.
ფრანგული მედიის ცნობით, მაკრონის საპენსიო ასაკის შესახებ კანონს ხელს უახლოეს 48 საათში მოაწერს.
კანონი, რომელიც სრულ საპენსიო ასაკად 62 წლის ნაცვლად 64 წელს აცხადებს, საფრანგეთში არაპოპულარულია და გასულ კვირებში მასობრივი პროტესტი გამოიწვია.
საკონსტიტუციო საბჭოს თქმით, ხელისუფლების ქმედებები შეესაბამება ქვეყნის კონსტიტუციას, შესაბამისად საბჭომ დაადასტურა სამართლებრივი პენსიაზე გასვლის ასაკის ზრდა.
საბჭომ მიიღო საპენსიო რეფორმის ფუნდამენტური ნაწილები, მათ შორის დასაქმებულთა უმეტესობისთვის საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდა, თუმცა გააუქმა 6 შესწორება.
საბჭომ ასევე უარი თქვა ოპოზიციის მოთხოვნაზე, კანონის შესახებ სამოქალაქო რეფერენდუმის გამართვაზე.
„ტექსტი დასასრულს დემოკრატიული პროცესის გავლით უახლოვდება. დღეს არ გვყავს გამარჯვებული ან დამარცხებული“ - განაცხადა საფრანგეთის პრემიერმინისტრმა ელიზაბეთ ბორნმა.
ხელისუფლების ცნობით, რეფორმა პირველი სექტემბრიდან დაინერგება.
ოპოზიცია და პროფკავშირები მაკრონს კანონის არმიღებისკენ მოუწოდებდნენ და აცხადებენ, რომ ისინი პროტესტს არ შეწყვეტენ.