logo
ENG



საფრანგეთში დემონსტრაციების მეოთხე ღამეს 1000 ადამიანი დააკავეს

01 ივლ 202312:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/01/eo6jxo7eqkjhn0p.png

საფრანგეთში დემონსტრაციების მეოთხე ღამეს პოლიციამ ათასამდე ადამიანი დააკავა. უკვე რამდენიმე დღეა საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში
მოქალაქეები პოლიციელის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობას აპროტესტებენ. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაკავებულებს შორის ბევრი მოზარდია.

სამინისტროს მონაცემებით, ერთ ღამეში დააკავეს 994 დემონსტრანტი, ქუჩებში კი 2500-ზე მეტი ხანძარი დაფიქსირდა. უწყებამ პროტესტის შესაკავებლად ქუჩაში 45 ათასი პოლიციელი გაგზავნა. მათივე თქმით, დაშავებულია 74 პოლიციელი. 

ამის მიუხედავად, სამინისტრომ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები "წინა ღამესთან შედარებით ნაკლებად ინტენსიური იყო". გავრცელებული ინფორმაციით, პარიზში ვითარება წინა ღამეებთან შედარებით მშვიდი იყო, მარსელსა და ლიონში კი არეულობის დროს მაღაზიები გაძარცვეს, შენობებსა და მანქანებს კი ცეცხლი მოუკიდეს. ლიონში დემონსტრანტებმა პოლიციელების წინააღმდეგ ფეიერვერკები კვლავ გამოიყენეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მშობლებს მოუწოდა, რომ შვილები სახლში დატოვონ, სოციალური ქსელები კი ვითარების გამწვავებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, სოცქსელებიდან გარკვეული კონტენტი წაიშლება.

17 წლის მოზარდი 27 ივნისს პარიზის გარეუბანში, ნანტერში მოკლეს. პოლიციის ინფორმაციით, ავტომობილის საჭესთან მჯდომმა ნაელ მ.-მა უარი თქვა დამორჩილებოდა მათ მოთხოვნას, რის გამოც ესროლეს. თუმცაღა მოგვიანებით გავრცელებული ვიდეოჩანაწერში, რომელიც სოცქსელებში მოხვდა, ჩანს, რომ ავტომობილის შემოწმების დროს ერთ-ერთ პოლიციელს მოზარდი მიზანში ჰყავს ამოღებული. როდესაც ავტომობილი დაიძრა, პოლიციელმა ისროლა და მძღოლს მკერდში მოარტყა. შემთხვევის ადგილზე მისულმა ექიმებმა 17 წლის ბიჭის გადარჩენა ვერ მოახერხეს. როგორც ცნობილია, ბიჭი წარმოშობით ალჟირელი იყო. 

Rfi-ს ინფორმაციით, 38 წლის პოლიციელი, რომელმაც მძღოლს ესროლა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. იგი ამბობს, რომ ისროლა, რადგანაც ეგონა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო. 

სროლის დროს მანქანაში კიდევ ორი ადამიანი ​​იმყოფებოდა. ერთი გაიქცა, მეორე კი, ასევე არასრულწლოვანი, პოლიციამ დააკავა.


close დახურვა