კრიტიკული მედიის დამფუძნებელს სასამართლოს ტერიტორიაზე თავს დაესხნენ, თავდამსხმელები კი ამ დრომდე არ დასჯილან. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ნიკა გვარამია სასამართლო პროცესზე მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას დასაცავად შედიოდა, რომელიც ოპოზიციის მიერ პოლიტპატიმრადაა აღიარებული. რურუას საქმეში მნიშვნელოვანი ხარვეზები აღმოაჩინა არასამთავრობო ორგანიზაციამაც, რაც ამყარებს ადვოკატების მკტკიცებას იმის შესახებ, რომ რურუას იარაღი ჩაუდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას პროცესი ინციდენტით დაიწყო. რურუას ადვოკატ ნიკა გვარამიას სამი უცნობი პირი ფიზიკურად დაუპირისპირდა. ისინი პოლიციის თანამშრომლებმა ტერიტორიას განარიდეს. გვარამისთვის მომხდარის მიზეზი უცნობია. შს-ს პრესსამსახური მთელი დღის განმავლობაში არ ასაჯაროებდა რომელ განყოფილებაში იკითხებოდნენ ინციდენტის მონაწილეები.
მომხდარში სუსი-ს კვალს ხედავს ოპოზიცია. მათი თქმით, ნიკა გვარამიაზე თავდასხმა დაგეგმილი იყო.
რურუას პროცესის დაწყებამდე სასამართლოს ეზოში მხარდამჭერი აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის აზრით გიორგი რურუა პოლიტპატიმარია და ხელისუფლება ანტისაოკუპაციო აქციების მხარდაჭერისა და მთავარი არხის დაფინანსების გამო ებრძვის.
დაცვის მხარემ დღევანდელ პროცესზე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაღებული ვიდეომასალის ჩვენება და შესწავლა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ საქმეში არც ოპერატიული ინფორმაციის მიმწოდებელი პირის დაკითხვის აუცილებლობა დაინახა.
მოსამართლემ ბრალდების მხარის მტკიცებულებების დასაშვებობის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. დაცვის მხარე პროცესზე აღკვეთის ღონისძიების გადახედვას მოითხოვს, თუმცა პროკურატურა მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების რისკის გამო, რურუა პატიმრობაში უნდა დარჩეს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" თბილისის საქალაქო სასამართლოს გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა, სადაც ნათქვამია რომ პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენისა და ცეცხლსასროლი იარაღის დალუქვისას დარღვეულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები. მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩატარდა გიორგი რურუას ავტომანქანის ჩხრეკაც. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ გიორგი რურუას მიმართ ბრალის დამძიმება უსაფუძვლოდ მოხდა.