საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატისა და „ისრაელის სახლის“ პრეზიდენტი, იციკ მოშე განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ისინი StopCov-ის ფონდში 18 ათას ლარს გადარიცხავენ.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, კომპანიის ყველა თანამშრომელი გადასულია დისტანციურ მუშაობაზე, მათ სამუშაო ადგილები შეუნარჩნდებათ და კომპანია არ განახორციელებს შემცირებებს. ამავდროულად, კომპანია უზრუნველყოფს დასაქმებულთა სადაზღვევო ხარჯების ანაზღაურებასაც.
„ისრაელის სახლი“ და საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა ერთ-ერთ წევრ კომპანიასთან, „ემ-სი-აი პროჯექტთან" ერთად მზად არიან, 18 000 ლარი შეიტანონ StopCov ფონდში. 18 ებრაულად სიცოცხლის სიმბოლოა და გვჯერა, რომ ეს შემოწირულობაც სიცოცხლის გადასარჩენად შეტანილი მოკრძალებული წვლილი იქნება", - წერია განცხადებაში.
ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია რთულ პერიოდში მომუშავე ჟურნალისტებს პირბადეებს გადასცემს საჩუქრად.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 73 დადასტურებული შემთხვევაა - აქედან 10 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო კარანტინშია მოქცეული მარნეული და ბოლნისი.