თბილისში, რუსთაველის გამზირზე საქართველოს და უკრაინის მთლიანობის და თავისუფლების მხარდასაჭერად მსვლელობა მიმდინარეობს.
მსვლელობა პარლამენტთან დასრულდება, სადაც ფილმის "რუსეთი ტერორისტი სახელმწიფოა" ჩვენება მოეწყობა.
"27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. 29 წლის წინ რუსეთმა საქართველოს - აფხაზეთი, ათასობით ქართველს კი, სიცოცხლე წაართვა.
გენოციდს გამოქცეული ასიათასობით ადამიანი ისევ დევნილია და სახლში ვერ მიდის.
დღეს, უკრაინელების თავგანწირვამ შექმნა ისტორიული შანსი, რომ რუსეთი დამარცხდეს და პოლიტიკურად შეუძლებელი, პოლიტიკურად გარდაუვლად იქცეს - ქართველები შინ დავბრუნდეთ. ჩვენ ამისთვის უნდა ვემზადოთ", - აცხადებენ ორგანიზატორები.
აქციის ორგანიზატორები არიან: ევროპული საქართველო, ტაბულა, აფხაზთა კრება, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება, თავისუფლების ინსტიტუტი, უკრაინელი აქტივისტები საქართველოში.