პანდემიამ მსოფლიოში უპრეცედენტო ეკონომიკური კრიზისის საფრთხე შექმნიდა საქართველო განსაკუთრებული რისკის წინაშე ისევ პარტნიორების იმედადაა. ევროკავშირი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს მთავრობას და საზოგადოებას მიმართავენ, მთავარი გზავნილი ასეთია - ძალა ერთობაშია. პარტნიორები დახმარების სქემაზე უკვე მუშაობენ, გამოყოფილი სახსრები კი საქართველოს ეკონომიკის „შოკიდან" გამოსვლას უნდა მოხმარდეს, დაუცველ ბიზნესსა და მოსახლეობის კეთილდღეობას.
ეკონომიკური ზრდის არასაიმედო პროგონოზისა და დონორების გაფრთხილების ფონზე, საქართველოს ხელისუფლების კონკრეტული ანტიკრიზისული ქმედებები უცნობია. ბიუჯეტი დაკორექტირდება, მაგრამ არ ვიცით, როგორ.
სპეციალისტები და ოპონენტები აცხადებენ, რომ კითხვები მთავრობის მიმართ კიდევ უფრო მეტი გაჩნდება, - როგორ დახარჯავს ხელისუფლება დონორების თანხებს და მივა თუ არა ევროპული დახმარება მოსახლეობის ჯიბემდე.
მსოფლიო ბანკმა კოვიდ19 -ის გავლენა ეკონომიკაზე გამოთვალა - პროგნოზი აქაც არასაიმედოა. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდება. შემცირდება მთლიანი შიდა პროდუქტიც - მაჩვენებელი მინუს 0.2 ისა და 2 პროცენტის შუალედში იქნება მსოფლიო ბანკი ღარიბი ქვეყნებისთვის 160 მილიარდ დოლარს გამოყოფს, თანხა 15 თვეზე გადანაწილდება. თუმცა საქართველოს დახმარების სურვილი მხოლოდ ერთ საფინანსო ორგანიზაციას არ აქვს. დღეს ქვეყნის მთავრობამ ევროკავშირისგან ღია წერილი მიიღო. დოკუმენტით დასტურდება, რომ პარტნიორები დახმარების სქემაზე უკვე მუშაობენ.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მხოლოდ დონორების დახმარება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ვერ უზრუნველყოფს . აქ მთავარი როლი ისევ მთავრობას აკისრია - თუ თანხის განკარგვა ეფექტურად არ მოხდება, ეკონომიკის განვითარება შეჩერდება - დაიწყება შიმშილი.
საერთაშორისო პარტნიორებთან ინტენსიური მუშაობა ოპოზიციის წარმოდგენილ გეგმებშიც ერთ-ერთი მთავარი პუნქტია.პოლიტიკურ პარტიებს მიაჩნიათ, რომ თანხების გახარჯვა დაზარალებული ბიზნესისა და მოქალაქეების დასახმარებლად უნდა გაიხარჯოს. თუმცა საერთაშორისო დახმარების პროცესი შესაძლოა გაჭიანურდეს, ამიტომ მთავრობას არსებული ბიუჯეტის დაუყოვნებლივ ცვლილებას სთხოვენ.
ბიუჯეტში ცვლილება იქნება თუმცა კონკრეტულად რა - ჯერ უცნობია. ანტიკრიზისულ გეგმაზე მთავრობა ამ დრომდე მუშაობს. თუ დოკუმენტი დროულად არ დამტკიცდება, ექსპერტები შიშობენ რომ ლარის გაუფასურება ისევ გაგრძელდება. კურსს ახლა ეროვნული ბანკი ხელოვნურად - რეზერვების დახარჯვით იჭერს.