logo
ENG



საქართველო დემოკრატიისა და ავტორიტარიზმის გზაგასაყარზეა - საერთაშორისო ექსპერტების წერილი

09 მარ 202119:58
3 წუთის საკითხავი
clock 1352
საქართველო დემოკრატიისა და ავტორიტარიზმის გზაგასაყარზეა - საერთაშორისო ექსპერტების წერილი
European Values

25-მდე საერთაშორისო საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენელი საერთო ღია წერილით ეხმაურება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას და წერს, რომ დროა, დასავლეთი მტკიცედ შეეწინააღმდეგოს აღმოსავლეთით მოკავშირის დაკარგვას.

წერილში საუბარია საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და მისი დიალოგით გადაჭრის გზებზე, ასევე, ხაზგასმულია კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისადმი პატივისცემა. 

"საქართველო ახლა დემოკრატიისა და ავტორიტარიზმის გზაგასაყარზეა. 23 თებერვალს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი დააკავეს. მომდევნო რამდენიმე კვირა გადამწყვეტი იქნება საქართველოს დემოკრატიისა და ტრანსატლანტიური ტრაექტორიისთვის.

აშშ-ს და ევროპელი პარტნიორების პროაქტიული ჩართულობის გარეშე, იმ მიღწევებს, რასაც ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მიაღწია, ძირი გამოეთხრებოდა. იმისათვის, რომ დავეხმაროთ ქართველებს, გაიაზრონ მათი მისწრაფებები, ტრანსატლანტიკური საზოგადოების ლიდერებმა უნდა განსაზღვრონ მიდგომები, რათა თავიდან აიცილონ ავტოკრატიაში გადავარდნა და დასავლეთისგან დაშორება.

კარგი დასაწყისი იქნებოდა, როგორც ნამდვილი პოლიტიკური დიალოგი, ასევე კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისადმი პატივისცემა.

ჩვენ, დასავლეთმა პოლიტიკის ცენტრში უნდა დავაყენოთ საქართველოს მოქალაქეების ლეგიტიმური ინტერესები, იცხოვრონ დემოკრატიულ და პერსპექტიულ ქვეყანაში. პირველყოვლისა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ მათზე, ისევე, როგორც ჩვენს საკუთარ რეპუტაციასა და ნდობაზე, რომ ისინი დასავლეთთან თანხვედრაში იყვნენ.

საქართველო იმსახურებს მოწონებას იმისათვის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერია. მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები გატარდა. მაგალითად, 2012 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლება მშვიდობიანად შეიცვალა პირველად სამხრეთ კავკასიის ისტორიაში, რაც ასახავს იმას, როგორ შეიძლება, პოსტსაბჭოთა სახელმწიფომ რუსეთის გავლენის სფეროებს დააღწიოს თავი, დადგეს დამოუკიდებლად და ინტეგრირდეს დასავლეთთან. ამის მიუხედავად, ეს პროგრესი სათანადოდ ვერ შეაფასეს იმ სახელმწიფოებმა, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დასავლურ მიმართულებას. ამის შემდეგ აშშ-მა და ამერიკის ევროპელმა პარტნიორებმა ვერ მოახდინეს რეაგირება დემოკრატიის რეგრესის პირველივე ნიშნების მიმართ.

საქართველოს პოლიტიკურმა ელიტებმა თანდათანობით შეკვეცეს ძირითადი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, მოკლევადიანი პოლიტიკური მიღწევების სანაცვლოდ. ამ მოვლენებმა გაზარდა შეშფოთება, საქართველოს დემოკრატიული მდგომარეობისა და გეოპოლიტიკური ორიენტაციის გამო.

საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ ქართული ოცნების დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცებაზე. მისი ძალაუფლება ივანიშვილს შესაძლებლობას აძლევს, გავლენა მოახდინოს შიდა პოლიტიკაზე. შედეგად, ქართველები არიან პოლიტიზირებული სასამართლოს, მართვის დეინსტიტუციონალიზაციისა და კანონის თვითნებური გამოყენების წინაშე.

პოლიტიკური მიზნებისთვის მართლმსაჯულების შერყვნა არ შეესაბამება ქართველებისა და მათი ხელისუფლების გაცხადებულ მისწრაფებებს. ახლა ისე, როგორც არასოდეს, აუცილებელია, რომ მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ განაგრძონ დიალოგი კრიზისის განმუხტვის და 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული საარჩევნო რეფორმის გატარების მიზნით.

ეს და სხვა ქმედებები, გამართული საარჩევნო სისტემის უზრუნველყოფის ჩათვლით, ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების გაძლიერებული ორმხრივი მხარდაჭერით იქნა მიღწეული, თუმცა მათ მეტიც შეუძლიათ.

საქართველოს კურსი გამოსწორებას საჭიროებს. პოლიტიკურ მეტოქეებს შორის განსხვავებების გადაულახაობის შემთხვევაში, დემოკრატიის უკუსვლა გაღრმავდება, საქართველოს ტრანსატლანტიკური ამბიციები კი დასუსტდება.

ტრანსატლანტიკური საზოგადოების მიერ შემდგომი რეგრესის ვერშეკავების შემთხვევაში, რეგიონში ჩვენი სტრატეგიული ინტერესები საფრთხის ქვეშ დადგება, ჩვენი ქართველი დემოკრატი მოკავშირეები კი იზოლაციაში მოექცევიან და სამართლიანად განაწყენდებიან.

მოვუწოდებთ აშშ-სა და ევროკავშირს ჩარევით დაეხმარონ თავისუფლებისმოყვარე ქართველებს ხელისუფლების ავტორიტარული ქცევის შეკავებაში.

ვაშინგტონმა და ბრიუსელმა არსებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი უნდა მოითხოვონ, კანონის უზენაესობის სულისკვეთებით გამართული ნამდვილი პოლიტიკური დიალოგის მეშვეობით.

ვაცხადებთ, რომ ეს ქმედებები, დიპლომატიურ ჩართულობასთან და განახლებულ ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციასთან ერთად, უბიძგებს საქართველოს პოლიტიკურ ელიტას, დაიცვან კანონის უზენაესობა, რაც კანონის წინაშე თანასწორობასა და სამართლიანობას უზრუნველყოფს ყველა ქართველი მოქალაქისთვის", - წერია განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. ანდრიუს კუბილიუსი - ევროპარლამენტის წევრი
  2. მარკეტა გრეგოროვა - ევროპარლამენტის წევრი;
  3. რასა იუკნევიჩიენე - ევროპარლამენტის წევრი;
  4. პაატა გაფრინდაშვილი - საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი;
  5. ჟიგიმანტას პავილიონისი - ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე;
  6. ჟან პიეკო - უკრაინაში პოლონეთის ყოფილი ელჩი;
  7. ჯეიმს ნიქსი - რუსეთ-ევრაზიისა და ევროპის პროგრამების დირექტორი დიდ ბრიტანეთში;
  8. ედუარდ ლუკასი - ევროპული პოლიტიკის სწავლების ცენტრში უფროსი წარმომადგენელი;
  9. ჰანა ჰოპკო - ANTS-ის ქსელის თავმჯდომარე, უკრაინის პარლამენტში საგარეო ქმედებათა კომიტეტის ხელმძღვანელი 2014-2019 წლებში;
  10. ალიონა გეტმანჩუკი - უკრაინაში ახალი ევროპის ცენტრის დირექტორი;
  11. როლანდ ფროიდენსტაინი, უილფრიდ მარტენსის სახელობის ევროპული სწავლებათა ცენტრის დირექტორი;
  12. გიედრიუს საკალაუსკასი, სამოქალაქო ორგანიზაციის "რეს პუბლიკის" წარმომადგენელი;
  13. მიხაილო გონჩარი, გლობალური სწავლებების ცენტრის "სტრატეგია XXI"-ის პრეზიდენტი;
  14. იგორ კუროპტევი, სამხრეთ კავკასიაში ფონდ "თავისუფალი რუსეთის" დირექტორი;
  15. მატეი კანდრიკი - "სტრატპოლის" დირექტორი;
  16. პიტერ კოლსი - სლოვაკეთის უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი;
  17. ბრაიან უიტმორი - ევრაზიის ცენტრის ატლანტიკური საბჭოს უფროსი წარმომადგენელი;
  18. მარკ ვოიგერი - ევროპული პოლიტიკის სწავლების ცენტრის უფროსი წარმომადგენელი;
  19. ეთო ბუზიაშვილი - ატლანტიკის საბჭოს ასოცირებული მკვლევარი;
  20. მარიამ წიწიკაშვილი - საქართველოს რეფორმების ასოციაციის პროექტის მენეჯერი;
  21. ლეო ლიტრა - ახალი ევროპის ცენტრის წამყვანი მკვლევარი;
  22. იან პადურეკი - ჩეხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის ყოფილი მოადგილე;
  23. პაველ ჰავლიჩეკი - საერთაშორისო ურთიერთობების ასოციაციის მკვლევარი;
  24. იაკუბ იანდა - უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროპული ფასეულობების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი;
  25. დავიდ სტულიკი - ევროპული ფასეულობების ცენტრის წამყვანი ანალიტიკოსი.

close დახურვა