logo
ENG



საქართველო ვაქცინაციისთვის მსოფლიო ბანკისგან $34.5 მლნ-ს მიიღებს

08 ივნ 202111:13
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიო ბანკი საქართველოს ვაქცინაციის პროგრამისთვის 34.5 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს. 

დაფინანსება მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს დაამტკიცა. 

ეს თანხა საქართველოსთვის 2020 წლის მარტში გამოყოფილ $80 მილიონს დაემატება, რომელიც მსოფლიო ბანკმა პანდემიის ზემოქმედების შერბილების მიზნით გამოყო. 

მსოფლიო ბანკის ცნობით, დღეს დამტკიცებული დამატებითი დაფინანსების ძირითადი ამოცანებია COVID-19-ის ვაქცინების თანასწორი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საქართველოს ვაქცინაციის სისტემის გაძლიერება ვაქცინის ეფექტური გამოყენების ხელშესაწყობად და ასევე COVID-19-ზე საპასუხო ღონისძიებების განმტკიცება.

"ამ მხარდაჭერის მეშვეობით, მსოფლიო ბანკს წვლილი შეაქვს  საქართველოს მთავრობის გეგმის განხორციელებაში, რაც 2021 წელს მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას გულისხმობს. 

დამატებითი დაფინანსება COVID-19-ზე რეაგირების ძირითადი პროექტის ფარგლებში, ხელს შეუწყობს პანდემიის საპასუხო ღონისძიებების გაფართოებისთვის საჭირო ხარჯების დაფარვას. მისი საშუალებით მოხდება COVID-19-ის ვაქცინების, მათ შორის, შპრიცების და სხვა მარაგების შეძენის და გამოყენების მხარდაჭერა, ვაქცინის ლოგისტიკის და განაწილების, დაგეგმვისა და მართვის, ვაქცინასთან დაკავშირებული კომუნიკაციისა და საინფორმაციო კამპანიის, ტრენინგისა და ზოგადად ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების ჩათვლით". - აცხადებს მსოფლიო ბანკი. 


close დახურვა