logo
ENG



საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიულ ხაზს არ შეცვლის - ზალკალიანი

11 ივნ 202010:01
3 წუთის საკითხავი
 

"საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიულ ხაზს არ შეცვლის", - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ჟენევაში სინგაპურის მუდმივი წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ შეხვედრაზე განაცხადა.

ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ რუსეთი გაეროს ქარტიის პრინციპებს ეწინააღმდეგება, თუმცა დესტაბილიზაციის მცდელობების მიუხედავად საქართველო სტრატეგიის შეცვლას არ აპირებს.

„რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ვერც კოვიდ-19-ის პანდემიამ და ვერც გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებებმა ვერ შეაჩერა. ის კვლავ განაგრძობს უკანონო პროცესებს, საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების, მათ შორის, 2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევით, რაც უკიდურესად ამძიმებს ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას. ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ქართველების სიცოცხლის, საკუთრების, ჯანმრთელობის, თავისუფალი გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და სხვა უფლებები ყოველდღიურად უხეშად ირღვევა“, - აღნიშნა მინისტრმა. 

თუმცა, როგორც ზალკალიანმა განაცხადა, ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ქმედებები ზემოაღნიშნულით არ შემოიფარგლება. მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანიები, ჰიბრიდული ომი და კიბერშეტევები რუსეთის არსენალში არსებული ის ინსტრუმენტებია, რომლებსაც ის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანად იყენებს.


close დახურვა