logo
ENG



საქართველო სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში - ძირითადი საკითხები

31 მარ 202112:33
3 წუთის საკითხავი
 

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოში არსებული ვითარებაცაა მიმოხილული. 

ანგარიშში მიმოხილულია სასამართლოს დამოუკიდებლობა, პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები, პირადი ცხოვრების ხელყოფა, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციების მიმართ არასრულფასოვანი პატივისცემა და ა.შ.

პოლიტიკური პატიმრები და დაკავებულები:

სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს გიორგი რურუას, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ვახტანგ წერეთლისა და 20 ივნისის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების საქმეებზე.

ანგარიშში სახელმწიფო დეპარტამენტი ვრცლად მიმოიხილავს გიორგი რურუას საკითხს და ყურადღებას ამახვილებს 8 მარტის შეთანხმებაზე, რომელიც მისი პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხსაც მოიცავდა.

სასამართლო და პოლიტიკური მართლმსაჯულება:

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. კლანის არსებობაზე, რომელიც, „სავარაუდოდ, ახშობს კრიტიკულ მოსაზრებებს სასამართლო სისტემაში და ხელს უშლის სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებას“.

სახელმწიფო დეპარტამენტი პოლიტიკური მართლმსაჯულების კონტექსტში განიხილავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და მიუთითებს, რომ საარჩევნო დავების განმხილველ „ადმინისტრაციული პალატების კოლეგიებში გადაყვანილ მოსამართლეთა უმეტესობა დაკავშირებული იყო "კლანის" წარმომადგენლებთან და თითქმის ყველა მათგანი ასოცირდებოდა გახმაურებულ საქმესთან“.

პირად ცხოვრებაში ჩარევა და უკანონო მიყურადება:

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია გავრცელებულ ინფორმაციაზე „პოლიტიკური ოპოზიციის მიყურადების“, „დამოუკიდებელ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე დაკვირვებასა“ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობაში პოლიტიკურ მოტივაციაზე.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მაგალითად ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ჩანაწერების გავრცელების საქმეცაა მოყვანილი: „ღრმად შემაშფოთებელია, რომ ზოგიერთმა ადამიანმა გამოიყენა უკანონო ჩანაწერები სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე მოსამართლეთა კლანის ინტერესების დასაცავად“.

მედიის თავისუფლების პრობლემა:

სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს, რომ სახალხო დამცველის აპარატმა, მედიაგამოცემის ზოგიერთმა დამკვირვებელმა, არასამთავრობო ორგანიზაციამ და ოპოზიციურმა პარტიამ გამოთქვეს ეჭვი, რომ მედიაორგანიზაციების ან მათი მფლობელების მიმართ მიმდინარე არაერთი სისხლისსამართლებრივი საქმე პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

ანგარიშში მიმოხილულია საარჩევნო კამპანიის დროსა და უშუალოდ არჩევნების დღეს ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტებიც.

მარეგულირებელი კომისია - მედიის ცენზორი:

სახელმწიფო დეპარტამენტი ღიად მიუთითებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პოლიტიკურ მიკერძოებასა და მმართველ პარტიასთან კავშირზე, ასევე, კომისიის მიერ მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებზე.

„არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) ხელმძღვანელებსა და მმართველ პარტიას შორის მჭიდრო ურთიერთობის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო მიკერძოების მმართველი პარტიის სასარგებლოდ, მედიის პლურალიზმის შემცირებისა და მედიასაშუალებების მფლობელების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების წარმოების გამო, შეშფოთებას გამოხატავენ“.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა 2020 წლის 17 ივლისს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რაც GNCC-ის სატელეკომუნიკაციო კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილებას ანიჭებს. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ცვლილებებს ახასიათებს, როგორც მთავრობის მცდელობას, მოიპოვოს კონტროლი რადიო სადგურებსა და სატელევიზიო არხებზე“.

„GNCC შეეცადა შეეზღუდა გამოხატვის თავისუფლება თავისი ონლაინ პლატფორმის, Media Critic-ის საშუალებით, რომელიც შეიქმნა 2019 წლის დეკემბერში. პლატფორმა შექმნილია მედიის შინაარსის შესასწავლად და სახელმძღვანელოდ. კომისიამ გადააჭარბა თავის მანდატს. თვითრეგულირებადი მედიის მონიტორინგის პლატფორმა Mediachecker-მა განაცხადა, რომ Media Critic-ის მთავარი საქმიანობა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების კრიტიკა იყო“,- ნათქვამია ანგარიშში.

საპარლამენტო არჩევნები:

სახელმწიფო დეპარტამენტი არჩევნების შეფასების დროს ძირითადად ეუთო/ოდირის ანგარიშს ეყრდნობა და მიუთითებს, რომ „გავრცელებულმა ბრალდებებმა ამომრჩევლებზე ზეწოლისა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ხაზის წაშლის შესახებ” პროცესის მიმართ ნდობა შეამცირა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სანდო ადგილობრივმა ორგანიზაციებმა დაადასტურეს „მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლის დაშინება, ხმის მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ჟურნალისტებისა და ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა და ხმების არაზუსტი და შეცვლილი დათვლა უბნებისა და საოლქო დონეზე“.

სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში ვრცლად განიხილავს საარჩევნო კამპანიის დროს და არჩევნების დღეს პოლიტიკურ ოპონენტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს.


close დახურვა