logo
ENG



საქართველომ თურქეთის დასახმარებლად 1 მილიონი ლარი გამოყო

10 თებ 202310:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/10/zd8nk7knwxmzn54.jpg

საქართველოს მთავრობამ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული დახმარების სახით, 1 მილიონი ლარი გამოყო.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთი მილიონი ლარი გამოეყო.

განკარგულების მიხედვით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, გამოყოფილი თანხა თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების, საკვების, ტანსაცმლის, სამედიცინო აღჭურვილობის და სხვა საჭიროებების შესყიდვას და თურქეთის რესპუბლიკაში ტრანსპორტირებას მოხმარდება", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. 

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 21 000-ს გადააჭარბა.

21 051 დაღუპული ადამიანიდან სტატისტიკა ასე ნაწილდება: 17 674 გარდაცვლილი თურქეთში, ხოლო 72 879 დაშავებული, სირიაში კი 3 377 ადამიანია ამ დროისთვის დაღუპული. რაც შეეხება დაშავებულებს - 5 245 ადამიანი დაშავდა.

***

ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში ორშაბათს, გვიან ღამით მოხდა. მისი სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას აღწევდა და მას 100-მდე ბიძგი მოჰყვა. სტიქიის გამო დაინგრა ათასობით შენობა. სხვადასხვა ქვეყნიდან თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული და სამაშველო დახმარება გაიგზავნა. სამშაბათს დილით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავები ერაყიდან და ირანიდან დამასკოს აეროპორტში ჩაფრინდა.

მაშველები გააგზავნა საქართველომ, აშშ-მა და ინდოეთმა. ევროკავშირმა გაააქტიურა კრიზისებზე რეაგირების მექანიზმი, ხოლო პალესტინიდან სამოქალაქო და სამედიცინო ჯგუფები სირიასა და თურქეთში გაემგზავრებიან.


close დახურვა