logo
ENG



საქართველოს ბანკი: განჩინების წარმოდგენის შემთხვევაში, ფორმულას გადაეცემა ვიდეო მასალა

05 ივლ 202316:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/05/kkj68cl4kex5dvn.jpg

საქართველოს ბანკი "კანონის ფარგლებში" ფორმულასთან თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამს და აცხადებს, რომ განჩინების წარდგენის შემთხვევაში ფორმულას "სრულად გადასცემს ავთენტურ ვიდეო მასალას". 

საქართველოს ბანკი აღნიშნავს, რომ სამართლებრივი საფუძვლის, სასამართლო განჩინების ან/და პროკურატურის დადგენილების გარეშე, ვიდეოჩანაწერის გაზიარებით "შესაძლოა, დაირღვეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის დამუშავების წესი და კონფიდენციალურობა".

"საქართველოს ბანკს აქვს სრული მზაობა კანონის ფარგლებში ნებისმიერი თანამშრომლობისთვის. მოთხოვნილი ვიდეოჩანაწების გაზიარების სამართლებრივი საფუძველი არის სასამართლოს განჩინება ან/და პროკურატურის დადგენილება და ეს მოთხოვნა ვრცელდება ნებისმიერ დაინტერესებულ პირზე, იქნება ეს სახელმწიფო სტრუქტურა თუ კერძო პირი ან კომპანია. სხვა შემთხვევაში იქმნება პრეცედენტი, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა დაირღვეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის დამუშავების წესი და კონფიდენციალურობა. ჩვენ არაერთხელ დავუდასტურეთ ტელეკომპანია "ფორმულას" წარმომადგენლებს ჩვენი მზაობა თანამშრომლობისთვის და კვლავ ვადასტურებთ, რომ შესაბამისი განჩინების წარმოდგენის შემთხვევაში, მათ სრულად გადაეცემათ ავთენტური ვიდეო მასალა." - აცხადებს საქართველოს ბანკი. 

ფორმულას გენერალური დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ 4 ივლისს გაამრთულ ბრიფინგზე თქვა, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის კადრების მიწოდებაზე საქართველოს ბანკმა ოფიციალურად უარი განაცხადა. გუმბარიძემ აღნიშნა, რომ განსხვავებით საქართველოს ბანკისგან, სხვა ბიზნესებმა ფორმულას კადრები უკვე მიაწოდეს.

საქართველოს ბანკმა ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძისადმი წინა წერილში იმ სამართლებრივ საფუძველზე ისაუბრა, რომლის გათვალისწინებითაც უარს აცხადებს, ფორმულასთვის მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის დღეს გადაღებული კადრების გადაცემაზე.

მათი თქმით, "საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საინფორმაციო გამოშვების სიუჟეტის მომზადება" არ არის მესამე პირისთვის ვიდეოჩანაწერების გადაცემის კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

ბანკის თქმით, ჩანაწერების მესამე პირისთვის გადაცემა სასამართლოს განჩინების ან პროკურორის დადგენილების წარდგენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.


close დახურვა