logo
ENG



საქართველოს ბანკმა მშვილდაძეზე თავდასხმის კადრების ფორმულასთვის მიწოდებაზე უარი თქვა

04 ივლ 202317:17
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის კადრების მიწოდებაზე დღეს საქართველოს ბანკმა ოფიციალურად უარი განაცხადა. გუმბარიძემ აღნიშნა, რომ განსხვავებით საქართველოს ბანკისგან, სხვა ბიზნესებმა ფორმულას კადრები უკვე მიაწოდეს.

"საქართველოს ბანკთან ვართ კონტაქტზე პირველივე დღიდან, ჩვენ ვითხოვთ მათგან კადრების მოწოდება და დღეს უკვე ოფიციალურად მივიღეთ პასუხი, რომ არ აპირებენ კადრების მოწოდებას და ამის მიზეზად ასახელებენ იმას, რომ ამას სჭირდება განჩინება", - განაცხადა მან.

გუმბარიძე საქართველოს ბანკს მოუწოდებს, იმ დროისთვის, როცა კადრების გამოსათხოვად ოფიციალურად მიიღებენ განჩინებას, ვიდეოები წაშლილი არ იყოს.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სახელმწიფომ მათთან კომუნიკაციის შედეგად შეიმუშავა ისეთი გადაწყვეტილება, რომ გაიწელოს დრო, არ მოგაწოდონ ეს კადრები და შესაბამისად, გადაწყვეტილია, რომ შესაძლოა, ეს კადრები აღმოჩნდეს უკვე წაშლილი, რადგან გარკვეული ვადაა გასული.

გთხოვთ დაიჭიროთ თადარიგი და მაშინ, როდესაც ჩვენ აუცილებლად მივიღებთ განჩინების დოკუმენტს, ისე არ მოხდეს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ვიდეობი იყოს წაშლილი", - განაცხადა მან.

საქართველოს ბანკმა ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძისადმი ოფიციალურ წერილში იმ სამართლებრივ საფუძველზე ისაუბრა, რომლის გათვალისწინებითაც უარს აცხადებს, ფორმულასთვის მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის დღეს გადაღებული კადრების გადაცემაზე.

მათი თქმით, "საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საინფორმაციო გამოშვების სიუჟეტის მომზადება" არ არის მესამე პირისთვის ვიდეოჩანაწერების გადაცემის კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

ბანკის თქმით, ჩანაწერების მესამე პირისთვის გადაცემა სასამართლოს განჩინების ან პროკურორის დადგენილების წარდგენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

"კანონის თანახმად, დაწესებულება, რომელიც აწარმოებს ვიდეოთვალთვალს, ვალდებულია ჩანაწერების დათვალიერება და მესამე პირისთვის (მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოებისთვის) გამჟღავნება განახორციელოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული საფუძვლით. თქვენს მომართვაში მითითებულია მონაცემთა დამუშავების საფუძველი და მიზანი - საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საინფორმაციო გამოშვების სიუჟეტის მომზადება, არ მიესადაგება კანონის შესაბამისი მუხლით (მე-5 მუხლი) გათვალისწინებულ არცერთ შემთხვევას.

შესაბამისად, აღნიშნული სს „საქართველოს ბანკისთვის“ (შემდგომში - ბანკი), როგორც მონაცემთა დამმუშავებლისთვის, არ ქმნის ვიდეოჩანაწერის გამჟღავნების სამართლებრივ საფუძველს.

ბანკი უფლებამოსილია, ჩანაწერები მესამე პირებს გაუმჟღავნოს მხოლოდ შესაბამისი პროცედურებისა და პირობების დაცვით, რაც გულისხმობს ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვნის თაობაზე სასამართლოს განჩინების ან/და პროკურორის დადგენილების ბანკისთვის წარდგენას." - წერია საქართველოს ბანკის წერილში.

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

28 ივნისს სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ გუშინ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა.

გუგეშაშვილის თქმით, თავდასხმის მიზეზი ისაა, რომ მშვილდაძე "ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს"

ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. 

თავდასხმა მშვილდაძემ დეტალურად გადაცემაში პოლიტმეტრი გაიხსენა. 

ფორმულას მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე 4 ადამიანი, ცალცალკე მიდის იმ ტერიტორიისკენ სადაც თავდასხმა მოხდა. მათგან ორი კარფურისკენ აგრძელებს სვლას 2 კი იქვე, ბუჩქებთან ჩერდება. ამ 4 ადამიანიდან ერთ-ერთი ნიკოლოზ გუგეშაშვილია, რომელმაც მოგვიანებით Facebook-პოსტით აღიარა მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა.

ეს შემთხვევა ჰგავს ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას, როცა ასევე სოციალურ ქსელში კონკრეტულმა ადამიანმა, სოსო მაისურაძემ მსგავსი შინაარსის და სტრუქტურის აღიარებითი პოსტი დაწერა და ოპოზიციონერზე თავდასხმა რელიგიისა და პატრიარქის დაცვის მოტივით გაამართლა. 

ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის შესახებ ფორმულას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმა სუს-ის შიდა ქართლის სამმართველოში დაიგეგმა.

წყაროს ცნობით, სუს-ის მონაწილეობით შექმნილი სცენარის მიხედვით, შეირჩა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე თავდამსხმელი, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლობას აიღებდა.

 


close დახურვა