logo
ENG



საქართველოს ელჩი ისრაელში: ისეთ მანძილზე არ გადაადგილდეთ, სადაც თავშესაფარი მიუღწევადია

12 მაი 202116:39
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოს ელჩი ისრაელში: ისეთ მანძილზე არ გადაადგილდეთ, სადაც თავშესაფარი მიუღწევადია

საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია ისრაელში მცხოვრებ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ელჩი ფეისბუქზე წერს, რომ სიწყნარე დროებითია და დაანონსებულია სარაკეტო იერიში ღასას სექტორიდან.

"ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს დაბეჯითებით გთხოვთ, გაითვალიწინეთ - დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს სერიოზული პრობლემის აღმოფხვრას. სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება. აშკელონი, აშდოთი და შდეროთი ახლაც იბომბება. დაანონსებულია სარაკეტო იერიში ღაზას სექტორიდან ისრაელის ცენტრის მიმართულებით. ქალაქები თელ ავივი, ხულონი, რამლე, ბათ იამი, ლოდი, ჰერცელია, რიშონ ლეციონი, გივატაიმი, ბნეი ბრაკი, რამათ განი და მათი შემოგარენი დასახლებები რეალური საფრთხის ქვეშ იქნებია.

დღეს ბევრი გავიდა სამუშაოდ. გთხოვთ, თავი შეიკავეთ ისეთ მანძილზე გადაადგილებისგან, სადაც თავშესაფარი მიუღწევადია (ძირითადად ტრასებზე). 17:30-მდე დავრუნდით საცხოვრებელ სახლებში თუ ვერ მოახერხებთ, დარჩით ახლანდელ ლოკაციაზე. თვალყური ადევნეთ ინფორმაციებს", - წერს ის.

ისრაელში შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 33 ადამიანი დაიღუპა. 30 მათგანი პალესტინელია.

12 მაისს ისრაელის საპასუხო საჰაერო თავდასხმებმა ღაზას სექტორში მიწასთან გაასწორა 13-სართულიანი კორპუსი 80 საცხოვრებელი ბინით, ღაზას სექტორიდან  ისლამისტურმა დაჯგუფებამ ჰამასმა კი თელ ავივის მიმართულებით განახორციელეს საჰაერო თავდასხმა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორშაბათ საღამოდან დღემდე 1 000-ზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს. 

თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ჰიდაი ზილბერმანის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ რკინის გუმბათი დასახლებული ადგილებისკენ გასროლილი რაკეტების 85-90% გაანეიტრალა. მისივე თქმით, სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორში იერიში ჰამასის 500-მდე სამიზნეზე მიიტანა.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი "დიდი ოპერაციის შუაშია". 

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჰამასი და ისლამური ჯიჰადი დიდ ფასს გადაიხდის თავიანთი აგრესიული ქმედებებისთვის. მათი სისხლი მათსავე კისერზეა. ოპერაციას დრო დასჭირდება". - თქვა ისრაელის პრემიერმინისტრმა. 

პალესტინის პრემიერმინისტრმა, მუჰამედ შტაიემ კი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მოუწოდა, შეაჩერონ ისრაელის აგრესია მათი ხალხის წინააღმდეგ. 

ისლამური ჯიჰადის მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, ზიად ალ ნახალმა თავის მხრივ თქვა: 

"ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ. და ჩვენ ვპირდებით ჩვენს ხალხს, რომ უკან არ დავიხევთ, გავაგრძელებთ წინააღმდეგობას, ღვთის ნებით". 

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა განაცხადა, რომ ის "ძალიან შეშფოთებულია ღაზის სექტორში ძალადობის ესკალაციით, რაც ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში დაძაბულობას ამწვავებს".  

 
 

close დახურვა